ბოკერია შეწყალებაზე: ერთი და იმავე მიმართულებით ორი, სამი, ოთხი, ხუთი შეცდომა – არჩევანია

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაა ზურაბიშვილის შეცდომა, ეს მისი არჩევანია.

“შეცდომა შეიძლება იყოს ერთი, ერთი და იმავე მიმართულებით ორი, სამი, ოთხი და ხუთი შეცდომა ერთი და იმავე მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ამაზე მიგითითებენ, მას შემდეგ რაც უტიფრად ეტყვი საზოგადოებას არც აგიხსნით, რა თქვენი საქმეაო, ეს არ არის შეცდომა, ეს არის არჩევანი. გადადგეს კი არა, ესეთი პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა. ეს არის პერსონალურად ივანიშვილისა და ყველა იმ ვაჟბატონის პასუხისმგელობა, ვინც ახლა შეწუხებულის როლს თამაშობს. ჩვენ ვიმკით ივანიშვილისა და ქართული ოცნების უტიფარი ძალადობის შედეგებს ქართველ ამომრჩეველზე. ბუნებრივია, მე ვისურვებდი თავისით გადადგეს.

​რაც შეეხება იმპიჩმენტს, იმპიჩმენტს სჭირდება და თქვენ იცით, რომ ჩვენ სამართლის მიმდევარი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, სჭირდება დანაშაულის ნიშნები, მხოლოდ ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური უსინდისობა არ არის საკმარისი.

რა თქმა უნდა, დისკრეციაა პრეზიდენტის შეწყალება, თუნდაც უსინდისოდ პოლიციელის მკვლელის, ან ახალგაზრდის ცინიკური მკვლელის და მით უმეტეს – ძებნილის”,- თქვა მან.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ პროკურატურას კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის შეწყალებები შესაძლოა კორუფციულ გარიგებებთან იყოს დაკავშირებული.

“დღეს ირმა ნადირაშვილმა და ჩვენმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას, კონრეტულ წყაროზე დაყრნობით და ამ წყაროს მონაცემებით ადგილი აქვს პირდაპირ კორუფციულ გარიგებებს, შესაძლოა, ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, წყარო გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება გამოძიება. ამიტომ პროკურატურის ვალია რომ ეს გამოიძიოს, ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ჩვენი ვალია ამისკენ მოვუწოდოთ. ამის შემდეგ, თუ პროკურატურა ამას არ იზამს კონკრეტულ ვადასა და საღი აზრის ფარგლების ვადაში, ამის შემდეგ ჩვენ საკითხს კომისიის შექმნის თაობაზე დავაყენებთ. აქაც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე შემდგარი კომისიის შემდეგ ამ “შეცდომას” საკუთარი თავისთვის დაუშვებს, მაგრამ აქაც ჩვენი ვალია, რომ ეს მოვითხოვოთ. თუ გამოიკვეთება, რომ არის კორუფციის, ან სხვა ტიპის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის გარემოცვის მხრიდან, შემდეგ უნდა დაიკითხოს ეს გარემოცვა და თუ იქნა კანონის უზენაესობის ფარგლებში მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა, ამის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს”,- თქვა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ, ხოლო დანაშაულის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ევროპული საქართველოს თქმით, მათ პრეზიდენტის შეწყალებებზე ინფორმაცია საადვოკატო წრეებთან დაკავშირებულმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშრებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი დღეს, 18 სექტემბერს, გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება.

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების “დახვეწის” ინიციატივით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაში,, 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში – სტუდენტები შეაბიჯებენ”
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – გვინდა მოგიწოდოთ, რომ მოიპოვოთ ინფორმაცია ჩვენი არხებით