ბოკერია:​​​​​​​ შეფასება, რომ აშშ-მ უკრაინა მიატოვა, სრულიად არაადეკვატურია

ფედერალისტების თავჯდომარე, გიგა ბოკერიამ Facebook live-ში ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, რეალობას არ შეესაბამება ის გავრცელებული პოზიცია, რომ აშშ-მ უკრაინა მიატოვა.

“ჯერჯერობით რაც ვნახეთ, მოულოდნელი აქედან არ უნდა იყოს არაფერი. NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დასავლურ ქვეყნებში მცდარი პოზიცია ჩამოყალიბდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, კერძოდ, ობამას ადმინისტრაციის მიერ გადატვირთვის პოლიტიკით, რომ ფაქტობრივად ითქვა, NATO-ს გაფართოება უკრაინაში და საქართველოში იმ დროს არ განიხილებოდა. ისევე, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის სამწუხარო პოზიცია წინა NATO-ს მინისტერიალზე, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხს არ განიხილავს. ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება, რომ ამ კონფლიქტის რეზოლუციისას უკრაინის NATO-ს წევრობა არ განიხილება, რაც მე მგონია, რომ მცდარი მიდგომაა. უბრალოდ, ამის შეფასება, რომ აშშ-მ ახლა გაყიდა უკრაინა და ის მიატოვა, სრულიად არაადეკვატურია” – ამბობს ბოკერია.

შეფასება, რომ აშშ-მ უკრაინა მიატოვა, სრულად არაადეკვატურია

ფედერალისტების ლიდერი ასევე საუბრობს უკრაინის დეოკუპაციის საკითხზე და განმარტავს, რომ დასავლეთმა ტერიტორიების დროულად დასაბრუნებლად უკრაინის დახმარების შესაძლებლობა უკვე გაუშვა და ამჟამად არსებობს კონსენსუსი, რომ ამ სიტუაციიდან სწრაფი გამოსავალი არ არსებობს, რასაც, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციაც იზიარებს, თუმცა ესეც სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს.

“ჩემი და ჩემი აზრით ყველა ნორმალური ადამიანის სურვილი არის უკრაინის სრული დეოკუპაცია, მაგრამ, ვინც თვალს ვადევნებთ, რეალობას ვხედავთ, რომ თავის დროზე, შესაძლებლობა უკრაინისთვის ეფექტურად, დროულად და ხარისხობრივად უფრო დიდი მასშტაბით სამხედრო დახმარების გაწევის ხელიდან გაუშვეს, როცა ეს შესაძლებელი იყო. ეს მომენტი ხელიდან გაშვებულია და კონსენსუსი იმაზე, რომ აქედან სწრაფი გარღვევა არის შეუძლებელი, ცნობილი იყო” – თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას მიხედვით, ახლა მთავარი საკითხი არის, რომ არ უნდა იქნას დაშვებული იმ ტიპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როგორიც მინსკის შეთანხმება იყო, რამაც პუტინს უკრაინის შიგნით კიდევ მორყევის და ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენების, ხოლო შემდეგ ირიბად და ღიად სამხედრო აგრესიის განახლებისა და უზარმაზარი მსხვერპლის გამოწვევის საშუალება მისცა.

ბოკერიას თქმით, თუ თუ პუტინი ტრამპის პოტენციურ შეთანხმებას დათანხმდა, ეს იქნება უარი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაზე – რის გამოც ომი დაიწყო.

“აქამდე ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც უკრაინული ჯარი უპირისპირდებოდა რუსეთს და მას ეხმარებოდნენ სამხედრო თვალსაზრისით. პოტენციური შესაძლო შეთანხმება, რაზეც საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია და რაზეც ჯერჯერობით პუტინის ადმინისტრაციის თანხმობა არ არსებობს, გარკვეული თვალსაზრისით, ნიშნავს კორეული ვარიანტის გამეორებას, იმ განსხვავებით, რომ იქ ამერიკული ჯარი განლაგდა, ხოლო აქ ამერიკის მოკავშირეების და უკრაინის მოკავშირეების ჯარი. არსებითი თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე საკვანძო საკითხი.

თუ ის [პუტინი] დათანხმდება ამ შეთანხმებას, რაც ჯერ ნათელი არ არის, მას მოუწევს მიღება ორი რამის: 1) რაც რუსეთად გამოაცხადა პუტინის რეჟიმმა, იმ ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ ყოფნა 2) შეგუება იმასთან, თუ იქ ჯარი განლაგდა, იმ მასშტაბით, რაზეც ლაპარაკი იყო, 100 000-მდე ჯარზე, მილიტარიზებული უკრაინა და სამხედრო დახმარების გაგრძელება, რომ მივიღებთ ვითარებას, სადაც პრაქტიკულად, დეკლარირებულად მოუწევს უარის თქმა უკრაინული სახელმწიფოს განადგურებაზე. ანუ შეგუება იმასთან, რის გამოც მან დაიწყო ეს აგრესია” – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ძალიან ვწუხვარ, რაც ითქვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ რუმინეთის შესახებ, შესაძლოა, ეს მწვანე შუქი იყოს რუსეთისთვის
შემდეგი სტატიაკანონი ოფშორებთან დაკავშირებით, საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად-ზურაბიშვილი