ბოკერია – შარლ მიშელის მიერ შეჯერებული ხედვა მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსასვლელად

შარლ მიშელის მიერ შეჯერებული ხედვა მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსასვლელად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოეკრიამ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმება სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საკითხებზე უნდა მოხდეს.

„ჩვენ გვინდა ამ კრიზისიდან გამოსვლა. ხედვა, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა შეაჯერა, მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. აქ არის გრძელვადიანი თემები, რომელიც ერთ და ორ დღეში ვერ გადაწყდება, ოღონდ უნდა დაიძრას, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა, მომავალში ძალთა გადანაწილება პოლიტიკურ ძალებს შორის, ასევე არის მყისიერი საკითხები – პოლიტპატიმრების საკითხი, მელიას გათავისუფლება, რურუას გათავისუფლება და რა თქმა უნდა არჩევნების, როგორც ხელისუფლებების ცვლილებისთვის ერთადერთი, ლეგიტიმური და ნორმალური ინსტრუმენტის მიმართ ნდობის აღდგენა. ამას სჭირდება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა. ამ საკითხებზე უნდა შევჯერდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არა პერსონალური, არამედ პრინციპის საკითხია.

„გიორგი რურუას ან ნიკა მელიას გათავისუფლება არ არის პერსონალური საკითხი, ეს არის პრინციპის საკითხი – მომავალში შეეძლება თუ არა ოდესმე მას, ვისაც ძალაუფლება აქვს, ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკურად ხელს უშლის და ამა თუ იმ საბაბით დაატყვეოს, პოლიტიკური თამაშიდან გათიშოს. ეს დაუშვებელი და შეუძლებელია ნორმალურ ვითარებაში და ჩვენ ამას უნდა დავემშვიდობოთ სამუდამოდ. ამისთვის აუცილებელი ნიკა მელიას და გიორგი რურუას მყისიერად გათავისუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია
შემდეგი სტატიაგომის მთაზე სამაშველო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს