ბოკერია პომპეოზე, რიშსა და მალინზე: ეს გზავნილები ქართველი ხალხის დახმარებაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილიც, ისევე, როგორც 1 ივლისს სენატორ ჯეიმს რიშის მორიგი გზავნილი და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის კარგია, რადგან საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ფოკუსში აქვთ.

“ეს ეხმარება ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა”. – ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატის თქმით, მეორე მხრივ, ასეთი გზავნილები პრობლემაა, რადგან საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც საქმე ასეთ დონეზე მიიყვანა.

“ქვეყნის რეპუტაცია ისეთია, რომ ხედავენ რეალურად, რომ საფრთხის ქვეშაა ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი და დემოკრატია ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხრიდან. ეს გზავნილები ქართველი ხალხის დახმარებაა”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მათი ამოცანაა, რომ საქართველოს მეგობრებისგან ამ გზავნილებისა და, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების წნეხით ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანი მიაყენებინონ.

“ამოცანაა, რომ გონს მოეგოს და იმ საკითხებთან მიმართებით გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანას რისკებს შეუმცირებს. მერე შეეგუოს იმ ვერდიქტს, რასაც მას გამოუტანს ამომრჩეველი”. – ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატის განმარტებით, ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ თავიანთი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე.

“რაც მთავარია, მათი ეს სურვილი ემთხვევა და ეყრდნობა ქართველი ხალხის ნებას, რომ ვიყოთ ქვეყანა, სადაც დისკუსია იმაზე არ გვექნება, რაზეც ახლა გვაქვს – რომ მოუწოდებენ ზრდილობიანად, ზოგჯერ უფრო მკვეთრად, რომ გადადგან ნაბიჯები, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, კლიმატი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი, თუ პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას დაამშვიდებს შიგნით და საქართველოს მეგობრებს გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ საქართველო არ არის ისეთი რისკის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წნეხი გაიზრდება, ივანიშვილი დამარცხდება და მისი ბედი იქნება დრამატული”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, განსხვავდება, თუ არა აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოზიციები ერთმანეთისგან, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ უბრალოდ, სხვადასხვა ენით ხდება გზავნილი.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც იყო გაცემული საქართველოს ყველა მეგობრის მხრიდან და რაზეც ვალდებულება აიღეს, გულისხმობს ამ კლიმატის შექმნას და ამ კლიმატის განყოფელი ნაწილია 8 მარტის შეთანხმება.

რომელ განცხადებაში რაზე იქნება მეტი, თუ ნაკლები აქცენტი, ეს არ ცვლის იმ სურათს, რაც გვაქვს, რომ სწორედ ამ საკითხებზეა შეწუხებული ყველა საქართველოს მეგობარი და ეს გასაგებიც არის, რადგან ვითარება ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა”. – თქვა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი 4 000 ინფექციონისტს გადაამზადებს
შემდეგი სტატიარატომ შეიძლება იმედისა და რუსთავისთვის გადასახადის განწილადება, ხოლო კავკასიისთვის არა – ნინო ჯანგირაშვილი