ბოკერია მღებრიშვილს: რატომ არ სცადეთ, რომ ოთხოზორიას მკვლელი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფილიყო?!

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა რატომ არ გამოაცხადა.

გიგა ბოკერიამ კითხვებით შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა.

„საზეიმო ვითარებაა შექმნილი, არადა, ამ დარბაზის გარეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს არც ტერორიზმი, არც კრიმინალი, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა არ უხსენებია. ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? რა ზომებს მიმართავთ, ამ ყველაზე შეურაცხმყოფელ მკვლელობაზე? იმედი მაქვს, რომ მისი მკვლელი იცით, მაგრამ რატომ არ სცადეთ, რომ ეს ადამიანი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფილიყო?“, – მიმართა ბოკერიამ მღებრიშვილს.

ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ წლებია, ქვეყანაში ტერორისტული აქტის მცდელობა არ ყოფილა.

„თქვენ ეს საქმე თითქოს გახსენით, მაგრამ მოტივი არ გითქვამთ. ვიღაც იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დაიჭირეთ, დამნაშავე დაუსჯელია. ღიად გვეუბნებით, ეს ხალხი თქვენიანია თუ რაშია საქმე?“, – მიმართა ბოკერიამ მღებრიშვილს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმება ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ნაწილს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაინაშვილი წულუკიანს: ადეიშვილი უნდა ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ, ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ