ბოკერია მდინარაძის განცხადებებზე-ნორმალური ვადამდელი არჩევნების გარეშე, ქვეყანასაც ზიანს აყენებენ და მათი პერსონალური პოლიტიკური მომავალიც დგება დიდი რისკის ქვეშ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მუქარა, რომ არ მოხსნიდნენ მანდატებს, შემდეგ გადაფიქრება და ახლა კვლავ მუქარა არის სამარცხვინო მასკარადი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ რეჟიმის ვალია, რომ შეუწყვიტოს უფლებამოსილება მათ, ვინც უარი თქვა გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებუული პარლამენტის ლეგიტიმაციაზე.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნების შესრულების გარეშე, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, რითაც ხელისუფლება ზიანს აყენებს როგორც ქვეყანას, ისე მათ პერსონალურ პოლიტიკურ მომავალს.
„თავისთავად ეს სამარცხვინო მასკარადია, რომ ჯერ იძახდნენ რომ არ მოგიხსნით მანდატებს და ბევრი სხვლა გვაქვს ჩვენ, მერე იყო რაღაც მუქარა, რომ სასწრაფოდ შემოდით პარლამენტში, თორემ ეხლავე მოგიხსნით, მერე ისევ გაწელეს, ეხლა ისე არის, რომ 1 კვირა გაქვთ, ეს არის სამარცხვინო ამბავი. ადამიანებმა, ვინც ნება გამოხატა, რომ არ ახდენენ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტის, იმიტომ, რომ არ გამოხატავს ეს პარლამენტი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას, მკაფიოდ თქვეს და მათი ვალია, ამ რეჟიმის, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება.
ეხლა ის კი არ არის საინტერესო ათვლის წერტილი როდის გასდიოდა ამ გადაწყვეტილებას, ათვლის წერტილი და წამზომი ჩართულია იმაზე, თუ როდის მივაღწევღთ ჩვენ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ივანიშვილი და მისი სამარცხვინო კლოუნების გარემოცვა მიხვდეს, რომ დროზე უნდა დავნიშნოთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო წესები, იმიტომ, რომ ამის გარეშე კრიზისი ვერ განიმუხტება და ამის გარეშე მათი პერსონალური პოლიტიკური მომავალიც არის დიდი რისკის ქვეშ, თუმცა ამავე დროს ქვეყანასაც ზიანს აყენებენ ყოველდღე სამწუხაროდ.“ – განაცხადა ბოკერიამ.