ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქართული საზოგადოების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა და ამისთვის შექმნილი საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვითარება არ იცვლება იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი საერთაშორისო ყურადღება, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ეს არის დადებითი ფაქტორი. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა მოხდება ხვალ. ამის შემდეგ, ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას სრული და აქტიური მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება ისეთი მხარდაჭერა, რომლის იგნორირებაც ივანიშვილის რეჟიმისთვის შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი ამ ქვეყნის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და დღის წესრიგიდან მოხსნათ ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბები, როგორსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ვაწყდებით. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ.

ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილის ვიდეო თავიდან დიფ ფეიკის ტექნოლოგია გვეგონა, თუმცა ბევრად მარტივი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიამდინარაძე სააკაშვილზე – ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, არის ჩვეულებრივი მაიმუნი