ბოკერია – ივანიშვილი ჩვენი საზოგადოების ორუელის „ცხოველების ფერმად“ ქცევას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩვენი საზოგადოების „ცხოველების ფერმად“ ქცევას ცდილობს, ისეთად როგორიც სატირულად აქვს აღწერილი ჯორჯ ორუელს, სადაც ადამიანებს საკუთარი მომავლის რწმენას უკარგავენ, სადაც ადამიანი მთლიანად უნდა იყოს დამოკიდებული მასზე, ვისაც აქვს ძალაუფლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ პარტიის კლიპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„ცხოველების ფერმა” არის ნაწარმოები, რომელიც აღწერს საბჭოთა ამაზრზენ რეალობას სატირული ფორმით, სადაც ადამიანებს უნადგურებენ თავისუფალ ნებას, იმონებენ, ბოლომდე საფუძველს აცლიან მათ თავისთავადობას, უნარს, რომ იმსჯელონ თავისუფლად, ამყოფებენ მუდმივ შიშში ნებისმიერი ალტერნატივისა და მთლიანად უკონტროლებენ ცნობიერებას. პირქუში და ამაზრზენი ნაწარმოებია, ოღონდ ძალიან კარგი ნაწარმოები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო გულწრფელი. წლიდან წლამდე, დღითიდღე ეს ადამიანი ჩვენი საზოგადოების სწორედ „ცხოველების ფერმად“ ქცევას ცდილობს, ისეთად როგორიც სატირულად აქვს აღწერილი ჯორჯ ორუელს. სადაც ადამიანებს საკუთარი მომავლის რწმენას უკარგავენ, სადაც ადამიანი მთლიანად უნდა იყოს დამოკიდებული მასზე, ვისაც აქვს ძალაუფლება. დაკარგოს თავმოყვარეობა, ღირსება და უნარი, რომ დამოუკიდებლად იაზროვნოს. ეს არის, რასაც უშვრება ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას და ეს არის ის, რის გამოც ჩვენი ეროვნული ამოცანა 2 ოქტომბრის მომავალ არჩევნებში ამ ადამიანის დამარცხებაა. სწორედ ამის გამო გუშინ ღამიდან „ევროპული საქართველოს“ მომხრეებმა და აქტივისტებმა დაიწყეს აქცია მთელი თბილისის მასშტაბით, პოსტერების გაკვრით, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს სწორედ ამ რეჟიმს, ივანიშვილის ცხოველების ფერმის რეჟიმს. ამ პოსტერებს თან ახლავს კოდი, რომლითაც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც არის პოლიტიკური სატირა ამ ამაზრზენ და საშიშ მოვლენაზე.

გუშინ ღამე, როცა ჩვენი აქტივისტები ამ პოსტერებს აკრავდნენ, ვიხილეთ კიდევ ერთი დადასტურება თუ როგორ ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოს ივანიშვილი, როდესაც ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი მიმართული იყო თვალთვალსა და პოსტერების გაკვრის ხელის შეშლის მცდელობაზე. განახებთ თუ რამხელა ძალისხმევა დაახარჯინა პოლიციას კრიმინალთან ბრძოლის მაგივრად ჩვენი მოქალაქეების, აქტივისტების მიერ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში, კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე. შემდეგ, როცა პოლიციისთვის აშკარა გახდა, რომ ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ, მერე ჩაერთო „თბილსერვისი“, რომელმაც დაიწყო ამ პოსტერების ჩამოხევა. კომიკური და სამარცხვინო, ამავე დროს საგანგაშო ფორმით მთელი ჩვენი სახელმწიფო, როგორც ცხოველების ფერმაშია აღწერილი, ემორჩილება ამ კაცსა და ამ ძალაუფლებას ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესების ნაცვლად. ამას უნდა დავუსვათ წერტილი, რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენი მივიტანთ ამ გზავნილს საქართველოს ყველა მოქალაქემდე, სადამდეც ხელი მიგვიწვდება, რომ ყველას ვანახოთ თუ როგორ საგანგაშო ზღვარზეა ჩვენი საზოგადოება და როგორი ვალია ჩვენი, რომ ვიმოქმედოთ არჩევნებზე მისვლითა და ჩვენი ნების დაფიქსირებით”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ SOLO- ებს კიდევ ერთ შეთავაზებას უკეთებს
შემდეგი სტატიასანიკიძე სააკაშვილზე – არაფერზე თუ არ ჰქონდა პასუხი საგები, სად მიდიოდა