ბოკერია: ძალიან მძიმე სანახავი იყო ის კადრები, რომელიც 17 ივლისს გავრცელდა და მარნეულში ერთერთი მოქალაქის სახლის ჩხრეკის პროცესს ასახავდა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ძალიან მძიმე სანახავი იყო ის კადრები, რომელიც 17 ივლისს გავრცელდა და მარნეულში ერთერთი მოქალაქის სახლის ჩხრეკის პროცესს ასახავდა.

ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი ჩუმად მაგიდის ქვეშ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების დამალვას ცდილობს.

“ძალიან მძიმე სანახავი იყო ის კადრები, რაც გავრცელდა გუშინ. ჯერ როგორ მოქმედებდა, ზოგადად, პოლიცია, შემდეგ ნივთმტკიცების გაყალბების აშკარა მცდელობა, თუ მტკიცებულებების ხელოვნურად “ჩადება”. არ ვიცით, რის ჩადებას აპირებდნენ – იარაღის, თუ ნარკოტიკის”. – ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატის შეფასებით, მთლიანად ეს ისტორია ბადებს ეჭვებს, რომ აქ საბაბად გამოიყენეს ქალიშვილის ქორწინებასთან დაკავშირებული ისტორია, ვინაიდან მოქალაქე, ვის სახლსაც ჩხრეკდნენ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლოს დადგენილებით ის 17 ივლისს უნდა გათავისუფლებულიყო.

“შესაძლოა, იყო პოლიტიკური დაკვეთაც, რადგან ეს ოჯახი ცნობილია თავისი პოლიტიკური პოზიციით, ხელისუფლების ოპონირებით, ივანიშვილის გუნდის არ-მხარდაჭერითა და ოპოზიციის, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ სიმპათიით. ეს არის საჯაროდ ცნობილი ფაქტი.

სრულიად გაუგებარია, თუნდაც ლეგიტიმური რომ იყოს ის შემთხვევა, ქალიშვილთან დაკავშირებული, რა შუაში იყო ჩხრეკა იარაღთან დაკავშირებით, ან როგორ ატარებენ ამ ჩხრეკას და შემდეგ უკვე ჩადების მცდელობა”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერი ქართული ოცნების სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ არცკი იფიქროს მსგავსი მეთოდებით ბრძოლაზე.

“მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას ამ წინასაარჩევნო პირობებში არცკი იფიქრონ ამ მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა იმიტომ, რომ კატასტროფა მოჰყვება მთელი ქვეყნისთვის, თუ ამ მეთოდებს გააგრძელებენ”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

17 ივლისს მარნეულელმა აქტივისტმა, რაშან ზიადალიევმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მაგიდის ქვეშ ჩუმად აპარებს ხელს და იქ რაღაცის დამაგრებას ცდილობს. ვიდეო ოჯახის ერთერთმა წევრმა გადაიღო და პოლიციის ქმედების დანახვისთანავე ჩხუბი დაიწყო, შესაბამისად, ვიდეო მალევე გაწყდა.

ალიევების ოჯახი, ისევე, როგორც რაშან ზიადალიევი და ევროპული საქართველოს ლიდერი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი, თვლიან, რომ პოლიციელი მოქალაქის ოჯახში ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა. იმამკულიევის თქმით, ოჯახი მის პარტიას უჭერს მხარს და მასთან არიან დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში, პოლიციელმა ნარკოტიკის ჩადება სცადა [VIDEO]
შემდეგი სტატიახელისუფლებამ გადაწყვიტა, ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმე “გააცოცხლოს”