ბოკერია: ჩაკეტვის თვეები “ოცნებამ” თვითტკბობისთვის გამოიყენა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვის პერიოდი ქართულ ოცნებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა – იმ დროისთვის, როცა ეკონომიკა გაიხსნებოდა და ინფიცირების შემთხვევები მოიმატებდა. თუმცა, მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი “თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისა და დამუნათებისთვის” გამოიყენა.

“დღეს, როდესაც საქართველოში დრამატულად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და ჩვენ ზრდის ტემპით გავუსწარით ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, ვხედავთ, რომ ივანიშვილის გუნდს ჩაკეტვის თვეების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ ვითარებისთვის. ახლა საუბრობენ, რომ საველე ჰოსპიტალები შეიძლება დაგვჭირდეს. ახლა “აღმოაჩინეს”, რომ ზრდის დროს ცხელი ხაზი შეიძლება გადიტვირთოს და ადამიანები ელემენტარულ რჩევენს ვერ იძლევიან. ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს.

მთელი ეს ჩაკეტვის თვეები, როცა უნდა მომზადებულიყვნენ, გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის, დამუნათებისთვის, ჟურნალისტებით დაწყებული, პოლიტიკური ოპონენტებითა თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სვამდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს. ამ სერიოზული გამოწვევის ამათ ხელში დატოვება იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის.” – თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადასახადები არ დაწია, რისკენაც მათ ევროპული საქართველო მოუწოდებდა, პოლიტიკური დანაშაულის ტოლფასია.

“ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვეთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების მიმართ, რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დახურეს ქვეყანა. უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს. ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა დამატებით ამ პერიოდში. ასობით ათას ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა.” – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და მოქალაქეების ცხოვრების პირობები
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: ე.წ ცნობილმა ექიმებმა, ხელისუფლების ნიღბები მოირგეს