ბოკერია ​მურსაკულოვზე – თუ დადასტურდა, რომ “ოცნებასთან” კავშირის გამო ხელს აფარებდნენ, მაშინ ეს ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია

gulis eleqsiri

​”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შანე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის დაკავებასა და მის მმართველ გუნდთან კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ნებისმიერ პარტიაში შეიძლება აღმოჩნდეს აქტივისტი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და ამის გამო პოლიტიკური ძალა პასუხს არ აგებს, თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ პოლიცია მურსაკულოვთან დაკავშირებული საჩივრის იგნორირებას ახდენდა, მაშინ მომხდარი “პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან”.

“გუშინ შსს-მ გვამცნო იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე საზარელ მკვლეობაში ბრალდებული იქნა დაკავებული და მისი პიროვნებაც, პერსონაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. ამავე დროს ყველამ შევიტყეთ, რომ ეს ადამიანი იყო მხარდამჭერი, აქტივისტი, აქტიური წევრი ივანიშვილის პოლიტიკური ძალის. რა თქმა უნდა ჯერ უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ამ პირის ბრალეულობა. ამის მერეც, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა რეპუტაციისაც არ უნდა იყოს, შეიძლება აღმოაჩნდეს აქტივისტი, მხარდამჭერი, აქტიური წევრი, რომელიც საზარელ დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე ეს პოლიტიკური ძალა პასუხს არ აგებს.

მაგრამ, თუ ამ პირის ბრალეულობა დადასტურდა უტყუარი მტკიცებულებებით და თუ დადასტურდა ის ამბავი, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საჩივარი საფუძვლიანი ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ, ან იძულებული იყო იგნორი მოეხდინა, იმიტომ რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ ეს ტრაგედია პირდაპირ კავშირშია ივანიშილის პოლიტიკასთან”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაშიგაბუნია – შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას
შემდეგი სტატიაგაბუნია – 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს