ბოღმით აღსავსე იყო, გამახსენა ღარიბაშვილი – ნიკა მელია თეა წულუკიანზე საუბრობს

“ბოღმით აღსავსე იყო, გამახსენა ღარიბაშვილი,”- ასე გამოეხმაურა ნიკა მელია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის მიმართვას ელენე ხოშტარიასადმი.

“მინისტრი ღირსეულად არ გამოიყურებოდა. ის უბრალოდ ბოღმით აღსავსე იყო. ადამიანი, რომელიც შედიოდა არა მინისტრისთვის დამახასიათებელ დაპირისპირებაში დეპუტატებთან. ბუნებრივია, როცა კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ასეთი გამოხტომები ახასიათებთ ხოლმე. გამახსენდა ღარიბაშვილი, როცა მას პასუხი არ ჰქონდა, გადმოდიოდა შეურაცხყოფაზე,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა  ისაუბრა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომის შესახებაც, სადაც დღეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩიეს. მელია იმედს გამოთქვამს, რომ მოადგილედ ქართული ოცნება არ აირჩევს ემზარ კვიციანს ირაკლი აბესაძის ნაცვლად.

საკომიტეტო მოსმენების შესახებ, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ხვდებოდნენ, ნიკა მელია ფიქრობს, რომ რეალობას იყო აცდენილი მინისტრობის კანდიდატების რეაქციები და განცხადებები.

“შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება აცდენილია რეალობას. ისინი ულოცავენ, ერთმანეთს თანამდებობებზე დანიშვნას ღიმილით და სიცილით. რატომ აქვთ საზეიმო განწყობა ვერ ვხვდები, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს. ქვეყანაში, სადაც საბანკო დაწესებულებებში შიშით ელოდება კრედიტის გადახდის დღეს. ნაწილი ვერ იხდის ამ კრედიტს,” – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ხელმძღვანელობამ შესაძლოა, უვიზო რეჟიმის გაუქმების მექანიზმის მიღება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს