საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა facebook-live-ში საუბრისას განაცხადა, რომ “ქართულ ოცნების” მთავრობაში მორიგ სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
ზურაბიშვილმა დაასახელა გვარიც, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება განიხილავდნენ. ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი შეიძლება იყოს.
“ახლა, ალბათ კობახიძე ფიქრობს, მე რამდენხანს ვიქნები, რამდენხანს მოუნდება, კალაძეც ფიქრობს, მაგრამ კალაძე ერთი რამით არის დაცული, რომ ალბათ არავის არ აქვს სურვილი, რომ გაიმართოს თბილისის არჩევნები. მაგრამ არჩევნები არ არის საჭირო პრემიერისთვის, ამიტომ კობახიძეს ნაკლები გარანტიები აქვს და იქით-აქეთ ვიღაცები უმიზნებენ “იმის” მხარდაჭერას და ამის ადგილს, ვიღაც თურმე მაკა ბოჭორიშვილზე ლაპარაკობს, ვიღაც კიდევ სხვაზე და ამ ყველაფერს ადევნებს ყურს ალბათ ჩვენი კობახიძე,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნებაში” საკადრო ცვლილებების შესახებ კითხვებს, თავად ივანიშვილის გუნდმა უნდა უპასუხოს.
მისივე თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ამდენი გადაადგილების შემდეგ პრემიერ-მინისტრი უნდა გადამდგარიყო.
“თვითონ უნდა ახსნან რას ნიშნავს ისა თუ ეს გადაადგილება. სხვათა შორის, თუ რამე აზრი აქვს პარლამენტს, პრინციპში პარლამენტის წინაშე, თუნდაც თავიანთი უმრავლესობის წინაშე უნდა ანგარიში წარადგინოს იმ მინისტრმა, რომელიც დაქვეითებული არის, თუ გაშვებული, თუ გადაადგილებული, თქვას რა გააკეთა, მერე პრემიერმა ახსნას რატომ გადააყენეს, რისთვის გადააყენეს, რა დამსახურება ჰქონდა მას, ან რა შეცდომები დაუშვა და ა.შ., ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და ამით აიხსნება ეს გადაადგილებები და ზოგ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრი გადაადგილება ხდება, პრემიერი, ნორმალურ ქვეყანაში, თვითონაც გადადგება, ე.ი. არ გაამართლა მისმა გუნდმა და ვალდებული არის რომ გადადგეს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ამ ტიპის რეჟიმში და აქ როტაციას სხვა როლი გააჩნია – ეს არის სუფთა წყლის სტალინისტური მეთოდი როტაციის, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ყველა ჩინოვნიკმა იცოდეს, რომ მისი ადგილი არსებობს მხოლოდ, სანამ არსებობს თავის, პირველის ნება და როგორც კი ნება იცვლება, მას აღარ აქვს არანაირი პრივილეგია, არც ძალაუფლება, არც ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ყოველწუთიერად არის დამოკიდებული “იმაზე”, იმ ერთზე. ამით აძლიერებდა თავის სისტემას სტალინი, ამით ჰგონია ამ ერთს, რომ აძლიერებს თავის სისტემას და ყველა ყავს დაკავებული ამ ფორმით, რომ შენ იმდენ ხანს ხარ ამ ადგილას, სანამ მე მომინდება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
















