ბოჭორიშვილი – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც 27 სახელმწიფო მიიღებს. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ინტერესებს დაეფუძნება, – პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ევროპული სახელმწიფოები, იზიარებენ ევროპულ ფასეულობებს, არიან ევროპული კულტურისა და ისტორიის ნაწილი.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესში არის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის არსებობა, რისი მომსწრეც ვართ ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როცა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და სამართლებრივად, ეს თანამშრომლობა დააფუძნა საკმაოდ ძლიერ შეთანხმებას. ევროკავშირს ასეთი სახის შეთანხმებები ჰქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც 2004 წელს და მოგვიანებით შეუერთდნენ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრები გახდნენ. სწორედ ამას ეფუძნებოდა მათი ევროკავშირამდე მისვლა. მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი შეაფასებს იმ პროგრესს, რაც ქვეყანამ მიაღწია 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების კონტექსტში და მათი გადაწყვეტილება ამ კონტექსტს დაეფუძნება, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მომავლის შესახებ, რომელიც 27 ლიდერმა უნდა მიიღოს. იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ ევროკავშირმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უარი უთხრას, რადგან ეს აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პრინციპებთან – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ევროპული სახელმწიფოები, იზიარებენ ევროპულ ფასეულობებს, არიან ევროპული კულტურისა და ისტორიის ნაწილი. სამივე ქვეყანამ საკუთარი ნება არაერთხელ დააფიქსირა, რომ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი. ეს უკვე განაცხადის სახით ოფიციალურად მარტში დაფიქსირდა, როცა განაცხადი ევროკავშირის მხარეს წარვუდგინეთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ იმას, რომ ევროკავშირის წევრი გახდნენ.

„ევროკავშირის მხრიდან ეს გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული და ამ სამ ქვეყანას კარი როდის გაეხსნება, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში დამოკიდებულია ევროკავშირის მზაობაზე, ახალ ქვეყნებს გაუღოს კარი ახალი მომავალი თანამშრომლობისთვის. ზოგადად, ევროკავშირისთვის გაფართოების თემა ძალიან მძიმე და რთული თემაა. ეს ასე იყო წლების განმავლობაში. ევროკავშირი შემდგომი გაფართოების საკითხს ძალიან ფრთხილად ეკიდება და ევროკავშირის შიგნით საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოზიციები არსებობს, რაც გამოჩნდა გასული ათი წლის განმავლობაში, როცა საუბარი მიდის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, თუმცა ყველა აღიარებს, რომ პროგრესი ძალიან ნაკლებია ამ მიმართულებით და ამ პროცესთან ყველაზე ახლოს დგანან მხოლოდ მონტენეგრო და სერბეთი და ისიც, გაურკვეველი თარიღებით, თუ როდის შეიძლება, ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრები. ბოლო პერიოდში, სერბეთთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში, როცა ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე ვსაუბრობდით, ძალიან დიდ სიფრთხილეს ვაწყდებოდით ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ დღეს, საიდუმლო არ არის და ყველამ კარგად ვიცით, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ და უკრაინის ომმა დიდწილად შეცვალა ევროპელი პოლიტიკოსების აზროვნება, ფიქრი, დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხებისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიმართ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს თავისივე უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის სჭირდება, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა დღეს გაუხსნას, თუმცა სხვა მოსაზრებები და უფრო ფრთხილი მიდგომები არსებობს.

„ველოდები, რომ ევროპელი ლიდერები ძალიან სწორად შეაფასებენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნას, რომ ცხადად თქვან, რომ როცა სამივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, გახდებიან ევროკავშირის წევრები. ჩვენ რომ არ გვჯეროდეს იმის, რომ ევროკავშირს საქართველო ნამდვილად სჭირდება იმისთვის, რომ ევროპისა და ევროკავშირის მომავალი იყოს უფრო უსაფრთხო და კარგი, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციების დაცვა გაგვიჭირდებოდა ევროპელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირს თავისივე უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის სჭირდება, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა დღეს გაუხსნას, თუმცა სხვა მოსაზრებები და უფრო ფრთხილი მიდგომები არსებობს. რა თქმა უნდა, სანამ ევროლავშირის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას ერთხმად არ მიიღებენ, რისკი ყოველთვის არსებობს, რომ გადაწყვეტილება ან დროში გაიწელოს, ან ისე მიღებული არ იყოს, როგორც ჩვენ მოველით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ 27 ლიდერზე, რომელიც ივნისში ამ საკითხზე იმსჯელებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ბორჯომის“ N1 ქარხნის დირექტორი – გვინდა, მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა, განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად
შემდეგი სტატიათიბისიმ ღონისძიებას – „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა