საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო დღეს მრავალვექტორული დიპლომატიის საუკეთესო მაგალითია, რაც პარტნიორებს შორის არჩევანის გაკეთებას კი არა, არამედ ახალი პარტნიორების შეძენას გულისხმობს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია, თუმცა ბრიუსელის ამჟამინდელი პოზიცია საქართველოს მიმართ არასწორია.
„ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს — ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია — არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყანას პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის ბალანსის პოვნას აიძულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფამ საქართველოს შესაძლებლობა მისცა, ბოლო წლებში საშუალოდ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა.















