ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რთულია პროგნოზი საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მისი თქმით, მნიშვნელობა აქვს როგორც რეკომენდაციების შესრულებას, ასევე სამუშაოს პარტნიორებთან, რათა ზუსტად იცოდნენ განწყობები.
„დეკემბერში რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება 27 სახელმწიფოს მხრიდან, ამის წინასწარ თქმა, ძალიან რთულია. ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება ბრიუსელის ანგარიში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, თუმცა ეს ნახევარი სამუშაოა, შემდეგი ნახევარი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ პოზიციებზე მოდის. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს როგორც რეკომენდაციების შესრულებას, ასევე სამუშაოს პარტნიორებთან, რათა ზუსტად ვიცოდეთ განწყობები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რა გადაწყვეტილებას ველოდოთ დეკემბერში. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, სამუშაო ბევრია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.