ევროპული სადაზვერვო სამსახურები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიის დანაკარგების მკვეთრ ზრდას აფიქსირებენ. მათი შეფასებით, დაღუპულთა ამჟამინდელი მაჩვენებელი უკვე შედარებადია რუსეთის მიერ კონტრაქტორების აყვანის შესაძლებლობებთან, რაც ართულებს ჯარების შევსებას ახალი მობილიზაციის გარეშე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოეოვმა განაცხადა, რომ დეკემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 ათასი რუსი სამხედრო გაანადგურეს. სტრატეგიული მიზანი კი ზაფხულისთვის ეს მაჩვენებელი თვეში 50 ათასამდე უნდა გაიზარდოს. დანაკარგების ზრდის ძირითადი ფაქტორი უკრაინული დრონების უფრო ეფექტიანი გამოყენებაა, რამაც ტოტალურად შეცვალა დაღუპულთა და დაჭრილთა თანაფარდობა პირველის სასარგებლოდ.
მიუხედავად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმებისა, რუსეთს ფრონტზე სტრატეგიული გარღვევისთვის არ მიუღწევია — საბრძოლო მოქმედებების ხაზი ძირითადად სტატიკური რჩება. მაღალმა დანაკარგებმა შესაძლოა დაასუსტოს პუტინის მოლაპარაკების პოზიციები, მაშინ როცა ახალი მობილიზაცია კრემლისთვის პოლიტიკურად შესაძლოა დამღუპველიც აღმოჩნდეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის გადამწყვეტ ფაქტორად დრონები იქცა. უკრაინულ ძალებს შეუძლიათ თითოეული დარტყმის დაფიქსირება და ვიდეოთი დადასტურება, რაც ევროპულ დაზვერვას რუსული დანაკარგების მასშტაბების მიმართ მაღალ ნდობას უჩენს. ლატვიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ორივე მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა 70-80% უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების მსხვერპლი გახდა.






















