რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნებმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ თავდაცვის ხარჯების ამჟამინდელი დონე ბიუჯეტის დეფიციტის კატასტროფულ ზრდას იწვევს. სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში შიდა უთანხმოების ყველაზე სერიოზული ნიშანია.
ეკონომიკურმა გუნდმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო ხარჯების შემცირება შესთავაზა, თუმცა პუტინმა უარი თქვა და ფინანსთა სამინისტროს დაავალა, დანაზოგი ბიუჯეტის სხვა, სოციალური მუხლებიდან მოიძიოს. თავდაცვის სამინისტრო და კრემლის სამხედრო ფრთა არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან ხარჯების კლებას, არამედ დამატებით დაფინანსებასაც ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ რუსული საწარმოები სრულად სამხედრო შეკვეთებზეა დამოკიდებული.
მთავრობასთან დაახლოებული წყაროების შეფასებით, მიმდინარე 2026 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა რეკორდულ 3 ტრილიონ რუბლს (36 მილიარდ დოლარს) მიაღწიოს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვა ბიუჯეტის ყველა მუხლის შემცირება, გარდა სამხედრო დანახარჯებისა, რათა თავდაცვის სამინისტროს „ხვრელი“ როგორმე შეივსოს.

















