ბლინკენი – კიევში ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები, ხალხი ქუჩაში სეირნობდა, კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს

ვლადიმერ პუტინი დასაწყისიდანვე იყო დარწმუნებული, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღნიშნულის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღემდე არ ჩანს რაიმე ნიშანი, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად ეკიდება კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ უკრაინაზე თავდასხმამდე გამართული მოლაპარაკებების დროს ნათელი გახდა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე პუტინის ჩივილი, მხოლოდ საბაბი იყო.

„ჩვენ გვინდოდა ჩაგვერთო ისინი სერიოზულ დისკუსიაში ამ საკითხებთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტ პუტინის სიტყვებიდან სრულიად ნათელი იყო, რომ არასდროს ყოფილა საუბარი უკრაინის ნატო-ში პოტენციურ შესვლაზე. ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა“, – განაცხადა ბლინკენმა.

​სახელმწიფო მდივნის თქმით, ომის დიპლომატიური გზებით დასრულების მიმართულებით აშშ-ის მიზანია დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უკუაგდოს რუსეთის აგრესია და გაიმყაროს საკუთარი პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩქარებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ახლა ეს პროცესი მოიცავს 72 საათს, მას შემდეგ, რაც უკრაინა დახმარებას მოითხოვს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა მამაცური ბრძოლით შეძლეს კიევისთვის ბრძოლის მოგება.

„ტერიტორია, რომლის დაკავებასაც ორი თვის წინ რუსეთის მთავრობა თვლიდა, რომ რამდენიმე კვირაში შეძლებდა, დღეს სრულიად ეკუთვნის უკრაინას. კიევში ჩვენ ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები: ხალხი ქუჩაში მიირთმევდა, ისხდნენ სკამებზე, სეირნობდნენ. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 400 სამხედროს აღწევს
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში კვლავ სროლის ხმა ისმის