“ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის სასამართლო სისტემაში საქმეების განხილვის ვადები”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სასამართლოში საქმეების განხილვის ვადები მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

როგორც პრემიერმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ექნება როგორც იუსტიციის სამმინისტროსთან, ასევე სასამართლო სისტემასთანაც.

რაც შეეხება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდეგი შეხვედრა მცირე ბიზნესთან ექნება, რომლებიც არ იქნებიან ცნობადი სახეები.

„შემდეგი შეხვედრას ვგეგმავთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ისინი არ იქნებიან ცნობადი სახეები, შევხვდებით მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს საინტერესო შეხვედრა გამოვიდა იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ იყო აქტუალური, მათ შორის განიხილებოდა ტექნიკური ხასიათის საკითხებიც რაც ძალიან კარგია. დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც უკვე მთავრობამ დაამტკიცა. მინდა გამოვკვეთო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. ეს არის საქმეების განხილვის ვადები, რასაც, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ამ კუთხით გვექნება საუბარი იუსტიციის სამინისტროსთან და თვითონ სასამართლოსთანაც. ეს საკითხი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ მიწის ჩამორთმევა, რომელიც კანონიერად ეკუთვნის მეპატრონეს“
შემდეგი სტატიააპატურაიმ რუსეთის და თურქეთის კონფლიქტზე ისაუბრა