ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან მოლების გახსნისთვის რეკომენდაციები განიხილეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ.

დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, სითი მოლის და თბილისი გალერიას ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ რეგულაციებში დარგის სპეციფიკა გათვალისწინებულია და სავაჭრო ცენტრებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია.

„ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა. ბიზნესის შენიშვნები შემუშავებულ რეგუალციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე და იმედი გვაქს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა.“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილი: სამხედრო მოსამსახურეები და მრავალშვილიანი მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის უპირატესი რეგისტრაციით ისარგებლებენ!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა