ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ათივე პირს ბრალი გუშინ გვიან ღამით წაუყენეს.

10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გუშინ გააკეთა. მათი ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძეა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

banner
წინა სტატიაშიკვირის ბოლოს ლარი, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, მცირედით გამყარდა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს