ბიზნესმენის შვილის გატაცება – ორი დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული ათივე პირი დროებითი მოთავსების ოზოლატორშია მოთავსებული.მათთან ადვოკატები შედიან.

ორი დაკავებულის – ნიკა ქავთარაძის და ოთარ გელაძის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და გატაცებაში მონაწილეობას უარყოფენ.

“როგორც ვიცი, ჯგუფურად ადამიანის უკანონოდ გატაცებას ედავებიან. ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავენ”, – განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წყალტუბოში, სადაც ოფიციალური ვერსიით გატაცებული ჰყავდათ, არ იმყოფებოდნენ.

“არავითარ გატაცებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი გატაცების მომენტში თბილისში იმყოფებოდნენ”, – აღნიშნა შარაშენიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სამინისტრომ ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ გუშინ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძეა.

banner
წინა სტატიაშიბებიის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტინზე ენმ-ს სახელით დარეგისტრირდება – ვაშაძე ცესკოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს