ბიზნესმენები მზად არიან, სიაში გამსვლელ ადგილზე ჩაწერის სანაცვლოდ, 1 მილიონი დოლარი გადაიხადონ

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და რაც მისთვის ყველაზე უფრო მძიმეა, “ოცნებაში” სერიოზული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება.
სიტუაციის შემობრუნებას ამაოდ ცდილობს პარტიის მამამარჩენალი. საქმეს ვეღარც დახურული და ვეღარც ღია სხდომები შველის. მმართველ პარტიაში უკვე ღიად ბედავენ ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლას.
თავისი პოლიტიკური მრევლის გარდა, მთავარი მეოცნებე უცხოელებსაც ხვდება, ისინი მისგან კარგა ხანია ითხოვენ, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს.
“ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ ამერიკელებმა ივანიშვილს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოსთხოვეს, რაზეც მთავარი მეოცნებე კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ის თანახმა იყო ვადამდელი არჩევნების, მაგრამ ვერ ელეოდა მაჟორიტარებს. საამისოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა. მაჟორიტარებს არც ახლა შეელეოდა, მაგრამ გავრილოვის ღამემ ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ის იძულებული გახდა, პროპორციულ სისტემას დათანხმებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა.
ამ ინიციატივაზე ოდნავ მოგვიანებით, გუშინ, 24 ივნისს, კი მეოცნებეთა დახურულ თავყრილობაზე კიდევ ერთი საკითხი განიხილეს.
მოგეხსენებათ, რომ საზოგადოება და ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. 24 ივნისის საიდუმლო სერობაზე დიდხანს იმსჯელეს, უნდა წასულიყო თუ არა გახარია.
საჯარო განცხადებებში “ოცნების” წევრები ამბობენ, რომ შს მინისტრი პოსტზე უნდა დარჩეს. პირად საუბრებში კი მედიასთან არ მალავენ, თუ რა დაპირისპირება მოჰყვა ამ საკითხის განხილვას.
მმართველ პარტიაში გახარია დიდად აქამდეც არ მოსწონდათ. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ამ ადამიანებს მინისტრისთვის სამაგიეროს გადახდის საშუალება მიეცათ.
ზოგიერთი მათგანი მართლაც გულწრფელად იყო აღშფოთებული 20-21 ივნისის სისხლიანი ღამით. ისინი აცხადებენ, რომ შს მინისტრმა ამის შემდეგ თანამდებობა უნდა დატოვოს.
მმართველი პარტიიდან გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ გახარიას მიმართ პრემიერ მამუკა ბახტაძესაც ჰქონდა პრეტენზიები. მამუკა ბახტაძე პოლიციის ქმედებების გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
20 ივნისს ღამით პრემიერმა გააკეთა საგანგებო განცხადება, რომ “ოცნება” აქციებს ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით არ შლის. ამ განცხადებიდან ზუსტად 7 წუთში კი რუსთაველზე საშინელება დაიწყო.
მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამის გამო გახარიამ განმარტებებიც უნდა გააკეთოს და პასუხისმგებლობაც აიღოს.
საჯაროდ “ოცნებამ” შს მინისტრს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, კულუარებში კი სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ყვება, რომ გახარიას თავი მომავალი გართულებებისთვის შემოინახეს.
მათ იმედი აქვთ, რომ უკმაყოფილება მინელდება და ხალხს ეს ამბავი დაავიწყდება. იგეგმება რამდენიმე სპეცრაზმელის დასჯა. რამდენიმეს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება.
28 ივნისს შს მინისტრი პარლამენტის წინაშე სიტყვითაც გამოვა. ის შეეცდება ყველა დაარწმუნოს თავის უცოდველობაში.
– ამას თუ ვერ შეძლებს და ხალხი არ დაწყნარდა, მაშინ გახარია წავა, – ამბობს ჩვენი წყარო.
ხალხის და ოპოზიციის დაწყნარება ივანიშვილმა პროპორციული სისტემით სცადა. მის განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, დიდი ჟრიამული მოჰყვა.
ოპოზიციამ “ოცნების” შეთავაზება დაგმო. მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო კი გვიყვება, რომ ივანიშვილის ამ განცხადების შესახებ ოპოზიციური პარტიები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული. კულუარულ საუბრებში ამ ინფორმაციას რამდენიმე დეპუტატიც ადასტურებს.
ოპოზიცია საჯაროდ ამ ინიციატივას გმობს, მათ გულებში რა ხდება, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, მაჟორიტარები არიან გულწრფელად გამწარებულები. ისინი იმუქრებიან, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.
– მაჟორიტარებმა პირდაპირ თქვეს, რომ ამ ცვლილებების წინააღმდეგი არიან. ამბობენ, რომ მათ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და ასე იოლად არ დათმობენ თავიანთ მონაპოვარს, – გვიყვება “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო.
მაჟორიტარები ერთი შეხედვით ტოვებენ მხოლოდ ფულიანი ტომრების შთაბეჭდილებას, თორემ საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვერ დაბლოკავდნენ.
“ოცნება” გვპირდებოდა, რომ უკვე 2016 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. დაიწყო კიდევაც ამ საკითხის განხილვა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე უსუფაშვილს მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა პირდაპირ უთხრა, შენ მართლა სპიკერი ხომ არ გგონია თავი, თუ მოვინდომეთ, გადაგაყენებთო.
მოგვიანებით ისინი ივანიშვილთან ავიდნენ. მას ასეთი ტონით ლაპარაკს ვერ გაუბედავდნენ. ის სავარაუდოდ შთააგონეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ უნდა ეჩქარათ.
ფულიანი ტომრების განაწყენებას ივანიშვილმა ხალხის განაწყენება არჩია, თავისი დაპირებაც უკან წაიღო და გვამცნო, 2024 წლამდე მაჟორიტარებს უნდა უყუროთო.
გუშინ, 24 ივნისს კი, გვაუწყა, მაჟორიტარები დამთავრდნენო. ამან მაჟორიტარები ძალიან გააბრაზა და ისინი საპასუხო შეტევისთვის ემზადებიან.
გულხელდაკრეფილი არც ივანიშვილია და ის ახალ ფულიან მხარდამჭერებს ეძებს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდებოდა კვირას, გამთენიისას, 3 საათზე გამართული შეხვედრა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს ცნობით, ივანიშვილთან ბიზნეს-ბომონდმა მოიყარა თავი.
კონკრეტულ ბიზნესმენთა ვინაობა მას არ დაუსახელებია, სამაგიეროდ, გუშინ, 24 ივნისს, იმავე წყაროსგან გავიგეთ, რომ ბიზნესმენებმა პარტიებთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები.
ბიზნესმენები მზად არიან, სიაში გამსვლელ ადგილზე ჩაწერის სანაცვლოდ, 1 მილიონი დოლარი გადაიხადონ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატია„რეაგირება იქნება იმათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ძალადობრივი მოქმედებების“ – თალაკვაძე