ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ვლადიმერ ვახანიას მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ვახანია საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 259 391​ აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სჭირდება ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება