“ბიზნესკონტაქტის” გუნდმა გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

მაესტროს “ბიზნესკონტაქტის” გუნდმა პროექტის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ბიზნესკონტაქტის,” “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის” გუნდის შეფასებით, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. პირველი ფაქტორი ამ პროექტების მენეჯერის პოსტზე გიორგი ისაკაძე იყო, მეორე კი – აუთსორსინგი, რომლითაც ამ გადაცემების მართვა დამოუკიდებლად მოხდებოდა.

“ტელეკომპანია მაესტრომ მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ გადაცემები “ბიზნესკონტაქტი,” “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკა” ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორის და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გადაწყვეტილება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მხრიდან მის მიერ შექმნილი გადაცემების აუთსორსზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა. ვინც მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ადევნებდით თვალყურს, გემახსოვრებათ, რომ ბიზნესკონტაქტის, საქმიანი დილისა და ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის საქმიანი გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად ორ რამეს ასახელებდა, ეს იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც შეკრა ეს გუნდი და აუთსორსი, ანუ უფლება, რომ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად, ზუსტად ისე, როგორც აქამდე”, – ამბობს გადაცემის წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი.

მაესტროს მიერ გიორგი ისაკაძესთან გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ “ბიზნესკონტაქტის” ავტორის პოზიცია ტელეკომპანიის ხედვისგან განსხვავდებოდა, ამიტომაც ეს ფაქტორი გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. ისაკაძეს ხელშეკრულება პირველ ივნისს უწყდება.

“საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების – “ბიზნესკონტაქტი,” “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკას” ეგრეთწოდებულ აუთსორსინგზე გასვლასთან დაკავშირებით არ შეესაბამდება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტების ხელმძღვანელობის ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს. მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას: მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან შპს “სტუდია მაესტრო” ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენს შორის გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას”, – მაესტროს დირექტორი ზურაბ ნაყეური.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მიერ განთავისუფლებული რუსი “გრუელი” დღეს დილით მოკლეს
შემდეგი სტატია“მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას განცხადებაში ნათლად წერია გეგმა, როგორ გაწმენდენ პრინციპული ადამიანებისგან „მაესტროს“