ბიზნესკონტაქტი: თუ ისაკაძე არ დაბრუნდება, უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ

gundiiმაესტროს “ბიზნესკონტაქტის” გუნდი ტელეკომპანიის დირექტორს ზურაბ ნაყეურს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “ბიზნესკონტაქტის,” “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის” იდეის ავტორი გიორგი ისაკაძე არ აღდგება სამსახურში ამ გადაცემის გუნდი კომპანიის დირექციას უტოვებს უფლებას, რომ ისინი სამსახურიდან გაუშვან.

“მაესტროზე თითქმის ორწელიწადნახევრის განმავლობაში, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი ჩვენთვის იყო სწორედ ამ გადაცემების ავტორი გიორგი ისაკაძე. ამდენად, გუნდის პოზიცია ცალსახაა: თუ გიორგი ისაკაძესთან შპს სტუდია მაესტრო არ აღადგენს საქმიან ურთიერთობას, ჩვენ ვუტოვებთ არხის მენეჯმენტს უფლებას, იხელმძღვანელონ შრომითი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით,” – წერია გადაცემათა გუნდის ერთობლივ განცხადებაში.

გადაცემის გუნდი ეჭვობს, რომ გიორგი ისაკაძის სამსახურიდან გაშვება მიზნად წინასაარჩევნოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. გადაცემათა გუნდი ტელეკომპანიის დირექტორის ზურაბ ნაყეურის განცხადებაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ამ გადაცემების ფორმატი ახალი სატელევიზო სეზონიდან უნდა შეიცვალოს.

“ბიზნესკონტაქტის”, “საქმიანი დილის” და “ბიზნესკონტაქტის ანალიტიკა” მთავარი მონაპოვარი ყოველთვის იყო მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელშიც ამ დრომდე არავინ ჩარეულა. შესაბამისად, გიორგი ისაკაძის გათავისუფლების ბრძანებაში ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა გადაცემების გუნდს გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მომავალში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა შეიზღუდება. ამ ეჭვს გვიძლიერებს ორი მომენტი: პირველი – მაესტროს მენეჯმენტმა გიორგი ისაკაძის ცალმხრივად გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ გენერალურმა დირექტორმა გუნდის პოზიცია წერილობითი ფორმით წინასწარ იცოდა. მეორე – გუნდის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ზურაბ ნაყეურმა ახალი სეზონიდან გადაცემების ფორმატის ცვლილება დააანონსა,” – წერია განცხადებაში.

მაესტროს მიერ გიორგი ისაკაძესთან გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ “ბიზნესკონტაქტის” ავტორის პოზიცია ტელეკომპანიის ხედვისგან განსხვავდებოდა, ამიტომაც ეს ფაქტორი გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. ისაკაძეს ხელშეკრულება პირველ ივნისს უწყდება.

“საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების – “ბიზნესკონტაქტი,” “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკას” ეგრეთწოდებულ აუთსორსინგზე გასვლასთან დაკავშირებით არ შეესაბამდება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტების ხელმძღვანელობის ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს. მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას: მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან შპს “სტუდია მაესტრო” ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენს შორის გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას”, – მაესტროს დირექტორი ზურაბ ნაყეური.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილმა თავის “გონორს” მიხედოს – ნიკა გვარამია პრემიერის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოში საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება