ბითაძე: შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას არანაირი კავშირი არ აქვს ბინების გაყიდვის პროცესთან

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა შენობების ექსპლუატაციაში მიღების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შემავალ ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს დეველოპერული კომპანიების მიერ ბინების გაყიდვის პროცესთან. ახალი რეგულაციით დეველოპერებს არ ეკრძალებათ ბინების გაყიდვა!“- ერთმნიშვნელოვნად განმარტა მაია ბითაძემ.

საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ერთჯერადი ჰუმანური აქტის სახით, სამშენებლო პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები იქნეს მიღებული და მოქალაქეებს 20-წლიანი პრობლემა მოუგვარდეთ.

საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები. მაია ბითაძემ გამკაცრების არგუმენტად მოიყვანა თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ბუნებრივი აირის გამო მომხდარი აფეთქების შემთხვევები, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ საკითხს და მოსახლეობა იცხოვრებს მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი NCDC-ში აუდიტის შესვლაზე: ვაქცინები არსად არ გამქრალა
შემდეგი სტატიაკალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა