ბითაძე ლევან ხაბეიშვილს: თუ ასე ძალიან გაგიხარდებათ გეტყვით, რომ 2019-2020 წლებში კომპანია „არქი“ დაჯარიმებულია დაახლოებით 200 ათასი ლარით

„ბატონო ლევან არ ვართ ქუჩაში, ვართ პარლამენტში და პარლამენტში ტყუილები არ უნდა ვთქვათ. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვიხილავთ. ბატონო ლევან, თუ ასე ძალიან გაგიხარდებათ გეტყვით, რომ 2019-2020 წლებში კომპანია „არქი“, ყოფილი პარლამენტის წევრი ილია წულაია დაჯარიმებულია დაახლოებით 200 ათასი ლარით“, – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგას, ლევან ხაბეიშვილს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს.

მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ასევე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა საამშენებლო კომპანიების მხრიდან დარღვევის შესახებ, მათ შორის იმ მშენებლების რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან და იყვნენ.

„ასე, რომ ბატონო ლევან, შევეშვათ ტყუილებს. გჩვევიათ თქვენ, როდესაც იტყუებით და შემდეგ ცარიელი ფურცლები დაგაქვთ. ტყუილების ადგილი ამ ტრიბუნასტან არ არის. ამ ტრიბუნიდან ჩვენ კანონპროექტები უნდა მივიღოთ, მუხლები წინასწარ უნდა წავიკითხოთ, და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გვარები რომლებიც თქვენ აქ დაასახელეთ უნდა დააკავშიროთ რაღაც საკითხთან და ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ. ამ ქალაქში ჯარიმდება ყველა პარტიული კუთვნილების მიუხედავად. სანქციები მკაცრდება იმიტომ, რომ დაჯარიმებებმა სათანადო შედეგი არ გამოიღო“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიამეოთხე სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ