,,BitFury-ს საქართველოში შემოსვლა დასტურია იმის, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია”

კომპანია BitFury-მ გლდანში, თბილისის თავისუფალ ზონაში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის BitFury-ი, ინვესტიციებით შემოვიდა საქართველოში.
მისივე თქმით, კომპანიამ თანაინვესტირების ფონდის თანადგომით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
“ეს არის საქართველოში გორის შემდეგ BitFury-ს უკვე მეორე პროექტი. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ეს ჩვენთვის იმედისმომცემია. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარება ქმნის ქვეყნისთვის დამატებით სარგებელს.
“თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვის, რომლებსაც ასევე შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ,,ქართული ოცნება” პარტიის ლიდერს ირჩევს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილის შეფასებით, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან