ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული სწავლება გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული სწავლება გაიმართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

ტრენინგი პროექტ CONTACT-Black Sea-ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ მიმართულებით, მომავალი პროფესიონალი კადრების მომზადებას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოებისა და ქბრბ მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო მარელიმ და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა ბერნარდ დობნერმა გახსნეს.

რეგიონული სწავლების ფარგლებში გადამზადდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენასთან დაკავშირებული საკითხები, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკა და სხვა პროცედურები.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ მომავალი ტრენერებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატებიგადაეცათ.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების ხელშეწყობით.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე – ბრიუსელის სამიტი შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს – თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას
შემდეგი სტატიარუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს – იონათამიშვილი