ბიორკი კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გაიმართება

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი, 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს კონცერტებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიორკი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება და ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევრს Vulnicura-ს წარუდგენს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. ორივე კონცერტის ფარგლებში შესრულდება ახალი სიმღერებიც.

როგორც SOU ფესტივალის დამფუძნებელი სანდრო ლომინაშვილი აღნიშნავს, ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში მუსიკალურ ექსპედიციასაც დათანხმდა და ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით საქართველოს ოთხ რეგიონში ჩავა.

„ბიორკი ისეთი არტისტია, რომელსაც უბრალოდ კონცერტების ჩატარება არ აინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რომელსაც გააჩნია უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა. ჩვენ შევთავაზეთ მას და ის სიხარულით დათანხმდა საქართველოში მუსიკალურ ექსპედიციას. ამ ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი გაეცნობა ქართული მუსიკის ოთხ სხვადასხვა ფორმას და იმოგზაურებს ქვეყნის ოთხ რეგიონში: სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში“, – განაცხადა სანდრო ლომინაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში ბიორკის კონცერტზე ხალხი ძალიან შორი მანძილიდან მოდის, გარდა ევროპული ქვეყნებისა, ბიორკის კონცერტების ბილეთებს ყიდულობენ მადაგასკარსა და მავრიტანიაში.
როგორც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა და სამხტავრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა, ბიორკი არის ისტორიული პერსონა, ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი.
„ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილეები და მომსწრეები ვხდებით, რადგან ჩამოდის მომღერალი, რომელიც მუსიკალური განვითარების გზაზე ეპოქის მომტანია, ისტორიული პერსონაა, ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი“, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ბიორკის კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში 21:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაგიორგი ონიანის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი