ბინენდაიკი: პოლიტიკური პასუხი აგვისტოს ომზე სუსტი იყო

გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნატო-ში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ჰან ბინენდაიკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

70 წლის მანძილზე ნატომ დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსად უკვე შევიდა. ნატო თავდაპირველად საბჭოთა საფრთხის შესაკავებლად და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ალიანსი და რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოსგან? ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ჰან ბინენდაიკს ესაუბრა, რომელიც წარსულში ამერიკის რამდენიმე ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა. ​
ნატო 70 წლის გახდა. როდესაც ალიანსის ისტორიას ვაანალიზებთ და მის მომავალს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატომ საკუთარი მისია შეასრულა. რა მისია აქვს ალიანსს დღეს?

ნატო ყველაზე წარმატებული ალიანსია მსოფლიო ისტორიაში. და ის ასრულებს საკუთარ მისიას დღემდე. თუმცა მისია დასრულებული არაა. ჩვენ ვერ გავალთ პენსიაში 70 წლის ასაკში. თუ შეხედავთ ალიანსის ისტორიას, ცივი ომის ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებს ევროპაში 350,000 სამხედრო ჰყავდა, ბირთვული იარაღი და ფრონტის ხაზი შუა ევროპაში იყო. და ალიანსი ძალზედ წარმატებული იყო საბჭოთა კავშირის არა მარტო შეკავებაში, არამედ საბოლოოდ ცივი ომის დასრულებაში. ამის შემდგომ, ალიანსი კიდევ 30 წელია არსებობს და შეგვიძლია ეს პერიოდი ათწლეულებად დავყოთ. 90იან წლებში ალიანსი ძირითადად შიდა ევროპულ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ნატოს გაფართოების და ბალკანეთის კონფლიქტებზე, კოსოვოსა და ბოსნიაში. მოხდა 11 სექტემბრის ტაქტიკაზე გადასვლა. ალიანსი ავღანეთსა და ერაყში იყო წარმოდგენილი, თუმცა ერაყის საკითხზე არსებობდა უთანხმოება. ბოლო დროს ის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. ვნახავთ რა მოხდება ავღანეთში, იქ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ისლამური სახელმწიფოს ხალიფატმა თითქმის მთელი ტერიტორია დაკარგა. ეს წარმატებული პროცესი იყო. ახალი ელემენტია უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რუსეთის აღზევება. და ჩვენ ვხედავთ ალიანსის მისია კიდევ ერთხელ იცვლება და ის ცდილობს ახალ რუსულ გამოწვევასთან გამკლავებას.

90-იანების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა შეიცვალა. დასაწყისში ალიანსი ცდილობდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, შეიქმნა რუსეთის და ნატოს საბჭო. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ მოსკოვი ერთ დღეს ალიანსის წევრი შეიძლება გამხდარიყო. დღეს ალიანსს უკეთ ესმის განახლებული რუსული საფრთხე. როგორ შეიცვალა ალიანსის პოლიტიკა რუსეთის პირისპირ და რა არის ნატოს რუსეთის პოლიტიკა დღეს?

გარდამტეხი მომენტი 2007 წლიდან იწყება, პუტინის მიუნხენის სიტყვით და შემდეგ 2008 წელს საქართველოში შეჭრით. ეს იყო ინდიკატორი, რომ მდგომარეობა უარესდებოდა. 2014 წლისთვის ჩვენ ყირიმის ანექსია და დონბასის კონფლიქტი ვიხილეთ. ამის შემდეგ პუტინმა ბევრი სხვა რამ გააკეთა. ამიტომ, ალიანსმა პოლიტიკის შეცვლა დაიწყო, 2014 წლისთვის – უკვე რეალურად. და თუ სამიტის განცხადებებს ნახავთ, შეამჩნევთ, რომ წამყვან ქვეყნებს საერთო შეხედულება აქვთ რუსული საფრთხის ბუნებაზე, თუმცა რა თქმა უნდა განსხვავდება მათი პოზიციები. ბალტიისპირეთში ეს საფრთხე უფრო ნათლად აღიქმება, ნატოს სამხრეთში უფრო ნაკლებად. თუმცა, რაც შეეხება ნატოს ოფიციალურ რიტორიკას რუსეთის მიმართ – ის მკაცრია.

რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი თანმხდება რომ მთავარი მიზანი ნატოს დაყოფა და შერყევაა. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის საფრთხის აღქმაზე ალიანსის მიერ, ისეთ ქვეყნებს, როგორიც თურქეთი და უნგრეთია, განსხვავებული შეხედულება აქვთ. რამდენად ახერხებს რუსეთი ალიანსის წევრების დაპირისპირების გაღვივებას შიგნიდან?

ეს რთული ისტორიაა. ერთი მხრივ, რუსეთის საფრთხის ტრადიციული შეკავების კუთხით, ალიანსმა დიდ პროგრესს მიაღწია. სამ სხვადასხვა სამიტზე ჩვენ ვიხილეთ გადაწყვეტილებების სერია, მაღალი მზაობის საერთო დანაყოფის შექმნა, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში წინა ეშელონებში ჯარის განლაგება, და ბოლოს, ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ვიხილეთ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა. ეს ყველაფერი ერთად, ნამდვილად ზრდის შეკავების უნარს რუსეთის საზღვართან, ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ფრონტზე. ეს კარგი ამბავია.

ცუდი ამბავი ისაა, რომ პუტინი და კრემლი კარგად მანევრირებს, როცა საქმე ჰიბრიდულ ომს და ახალი თაობის საომარ მოქმედებებს ეხება. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, სოციალურ მედიას იყენებენ. და ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ქვეყანაში ისინი ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ პოპულისტი მმართველები გვყავს, რომლებსაც კრემლთან უფრო და უფრო ახლო კავშირები აქვთ, რაც შემაშფოთებელია.

ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან. ჩვენ ვიხილეთ, რომ მაშინ პრეზიდენტ ბუშს ევროპელი მოკავშირეები, ფრანგები და გერმანელები დაუპირისპირდნენ, როცა საქმე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას ეხებოდა. თუმცა, ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ გავხდებით ალიანსის წევრები. ამის შემდეგ 11 წელი გავიდა და ჩვენ ყველაფერი მივიღეთ წევრობის გამოკლებით. რას ფიქრობთ, რისი იმედი შეიძლება ქონდეს ამ ქვეყნებს დღეს?

ვფიქრობ, ეს დღეს ან ხვალ არ მოხდება. თუმცა იმედი უნდა გქონდეთ, რომ ეს რაღაც ეტაპზე მიიღწევა. ბუქარესტის დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს ალიანსის წევრები გახდებიან, მომავალ სამიტებზე ხელახლა იქნა გაცხადებული. თუმცა, ეს ადვილი არაა. ორივე ქვეყანას აქვს შიდა პრობლემები, რაც ალიანსში იწვევს მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას დაჩქარებულ წევრობაზე. პრობლემის ნაწილია თქვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედროები, რაც მეხუთე მუხლის ამოქმედების საბაბი შეიძლება გახდეს. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს. თუმცა, მე ვხედავ საქართველოს და უკრაინის მომავალ წევრობას. ამასობაში, მათ გაძლიერებას უნდა ვეცადოთ და ეს ასეც ხდება.

ორად გაყოფილი გერმანიის ნატოში გაწევრიანების საკითხს ხშირად ახსენებენ საქართველოს წევრობის საკითხის განხილვისას, როგორც პრეცედენტს. საქართველოს არ გააჩნია ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის გერმანიის შემთხვევა მაგალითი საქართველოსთვის?

დიახ, 50-იან წლებში გერმანია შუაზე იყო გაყოფილი და ორივე მხარეს სამხედროები იდგნენ. და გერმანია გახდა წევრი. ეს საინტერესო პრეცედენტია. თუმცა, არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის ჯარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ მათზე რუსეთის სუვერენტიტეტი გამოაცხადონ ან თუნდაც დამოუკიდებელ ტერიტორიად აღიარონ. უნდა შეინარჩუნო სუვერენტიტეტი, თუმცა, თუ რაიმე ფორმულა გამოიძებნება, ეს ცუდი პრენცენდენტი არაა.

დღეს, ვაშინგტონში,როდესაც ალიანსის გაფართოებაზე ვსაუბროთ, მხარეები ორ ბანაკად შეგვიძლია დავყოთ: ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ალიანსის დამატებით გაფართოება საჭიროა არაა, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს და ხალხი რომელიც ამას ხედავს როგორც რუსეთის შეკავების საშუალებას. 1999 წელს, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა, ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ალიანსზე რუსეთის თავდასხმას გამოიწვევდა, რამდენად მსგავსია დისკუსია დღეს გაფართოების გარშემო?

ეს ყველაფერი მაშინ სიახლე იყო. როცა პროცესი დაიწყო 1991 წელს, მე სტატია დავწერე, სადაც მოვუწოდებდი გაფართოებისკენ. ამიტომ მე გაფართოების პროცესის მტკიცე მხარდამჭერი ვარ. ნატომ 12 წევრით დაიწყო, შემდეგ 16 და ახლა 29 ქვეყანას აერთიანებს და მალე 30-ე გახდება, როცა ჩრდილოეთ მაკედონია გაწევრიანდება. როცა ამას უყურებ, ფიქრობ, საით წავა ალიანსი შემდეგში.

ასპირანტი წევრები შეიძლება სამ კალათაში მოვათავსოთ. ერთი უკრაინა და საქართველოა, რომელზეც ვისაუბრეთ. შემდეგ ფინეთი და შვედეთი, ნეიტრალური ქვეყნები. თუ ისინი მოისურვებენ ალიანსის წევრობას, მათ ხვალვე მიიღებდნენ. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ნეიტრალიტეტს და მიუმხრობლობას ისეა მიჩვეული, რომ მათ არ სურთ რეფერენდუმის ჩატარება. და მესამე ბალკანეთის სამი ქვეყანაა, ბოსნია, კოსოვო და სერბეთი – რომელზეც ჯერ ისევ მიდის საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. გაფართოება ბალკანეთში შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მექანიზმი. ამიტომ, გაფართოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. თუმცა, ვფიქრობ შენელებულია. საქართველო-უკრაინის შემთხვევა სავარაუდოდ ყველაზე რთულად მოსაგვარებელია, რადგან მათ ის ყველაზე მეტად სჭირდებათ, მაგრამ ასევე ყველაზე სარისკოცაა, რადგან მათი დაცვა რთულია.

და სწორედ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყნებს თავი დაიცვან რუსეთისგან, ნათელია, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რადგან ერთი მხრივ, მათ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ და მეორე მხრივ, მათ ვერ იღებენ, რადგან ზოგი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს. თუმცა, სანამ მათ წევრობას არ შესთავაზებ, ამის შემოწმება რთულია. მაგრამ, ამავე დროს გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთი არასდროს დაპირისპირებია ნატოს პირდაპირ. რა არის გამოსავალი?

ვფიქრობ, ორივე მხარეს აქვს არგუმენტი. ერთი მხრივ – ვიტყოდი რომ ბალტიის ქვეყნები 2004 წელს ნატოში რომ არ შესულიყვნენ, ახლა მათ მიწაზე რუსული ჯარი იქნებოდა. ასე რომ, ამან იმუშავა, იმუშავა, როგორც შემაკავებელმა. რა თქმა უნდა, სამხედრო კუთხით ნაბიჯები გადავდგით, რათა ეს შემაკავებელი ზომა გაგვეძლიერებინა. ასე რომ, ბალტიის ქვეყნებისთვის ეს ძალიან დადებითი ამბავი იყო. მეორე მხრივ – რაც ვნახეთ, ეს იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი და რა მოჰყვა ამას, როგორც კი ალიანსმა თქვა სიტყვები: ერთ დღესაც გახდებით წევრები, რაც რეალურად ერთგვარი უკანდახევის პოზიცია იყო. პუტინი დაუყოვნებლივ შეტევაზე გადმოვიდა და ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი დაიწყო. ამ საკითხში ორივე მხარეს აქვს არგუმენტი.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პასიურმა პასუხმა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე, რამდენად განაპირობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია?

რთულია იმის თქმა, თუ რა იყო გამომწვევი და რა შედეგი. თუმცა, ვიტყოდი, პოლიტიკური პასუხი იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, შედარებით სუსტი იყო. შეერთებული შტატები ავღანეთსა და ერაყში ორი ტრილიონი დოლარის ღირებულების ომში იყო ჩართული. ჩვენ ალბათ ყურადღება მოვადუნეთ, ხოლო ევროპელები არ იყვნენ დაინეტერესებულნი მაშინ, საკუთარ თავზე მეტის აღებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული ქვეყნები ხშირად ყოყმანობენ და თავს იკავებენ გაფართოების საკითხზე, როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის შეერთებული შტატების მხრიდან, უსაფრთხოების გარანტიების მიღება უფრო რეალისტური გზა შეიძლება იყოს?

ვფიქრობ, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ალიანსში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას. თუმცა ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნაბიჯები გადადგათ. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საბჭო, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, ნატოს წვრთნების პროგრამა და ორმხრივი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ პრაქტიკული პოლიტიკური და სამხედრო საშუალებით, ეს კავშირები უნდა გაძლიერდეს რამდენადაც შესაძლებელია, რათა ამასთანავე რუსეთმა გაიგოს, რომ მას მძიმე ბრძოლა ელის, თუ საქართველოს მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდება.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიას ესმის, რომ რიგი მოსამართლეების შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დანიშვნა პოლიტიკური რეკომენდაციაა
შემდეგი სტატიამარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება