თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის სახალხო კრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ, პაატა ბურჭულაძემ მოსამართლეს სთხოვა, რომ თუ მასში ტერორისტს ხედავს, დასაჯოს.
“4 ოქტომბერს პირველად შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები და ჩავატარეთ ეროვნული კრება. სოფელი არ დარჩა, საიდანაც ვინმე არ იყო. ერთად მივიღეთ დეკლარაცია, რადგან ვთვლით, რომ საქართველო გადასარჩენია.
ოცნებას უნდა წარმოაჩინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან. ვინ დაიჯერებს, რომ მე ვინმეს რაიმე ძალადობისკენ მოვუწოდებდი. სასახლესთან ხალხს ვაჩერებდი, რომ შეტაკება არ მომხდარიყო. სპრეი მომასხეს და ცუდად გავხდი, სუნთქვა შემეკრა.
კლინიკაში 7 თუ 8 პოლიციელი შემოვიდა და 2 ავტომატით. ბინ ლადენი ნახეთ ჩემში თუ რა ნახეთ. წნევას მიზომავდნენ და ავტომატებით დამადგნენ. მერე იტყვით, ხალხს პოლიცია რატომ არ უყვარსო?თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო. თუ არადა, მაინც მზად ვარ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სასმართლოს სხდომაზე.
















