Bild – გერმანიის კონსერვატიული ბლოკი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგია

გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა” და “ქრისტიან-სოციალური კავშირის” ბლოკის წარმომადგენლები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. კონსერვატიული ბლოკის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ორგანიზებული დანაშაულის ზრდას გამოიწვევს.

“საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში უფრო მეტად, ვიდრე სხვა უცხოელები” , – განაცხადა Bild-თან საუბრისას ბუნდესტაგის დეპუტატმა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა არმინ შუსტერმა.

შუსტერის თქმით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გახდნენ “წამყვანი ძალა, რომელიც გერმანიაში ბინების ძარცვით არის დაკავებული”. კონსერვატორი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება მხოლოდ წაახალისებს დანაშაულის ამ სახეობას.

Bild-თან საუბრისას ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს “ქრისტიან-სოციალური კავშირის” დეპუტატი და საგარეო საკითხებში ექსპერტი ჰანს-პეტერ ული. ამასთან, გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში მიღება “რუსეთთან კონფლიქტს გაამწვავებს”.

როგორც გამოცემა Bild სიხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, 2015 წელს გერმანიაში ბინების ძარცვის 167 000 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა ქართველმა კრიმინალებმა ჩაიდინეს. გერმანიის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა კავშირის თავმჯდომარის ანდრე შულცის თქმით, ქართული მაფია “მიზანმიმართულად გზავნის კრიმინალებს გერმანიაში.

“წარმატების შანსების არქონის მიუხედავად, აქ ისინი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, სანამ მათი განაცხადი განიხილება, 8-12 თვის განმავლობაში დაკავებულები არიან ქურდობით”, განაცხადა ანდრე შულცმა.

banner
წინა სტატიაშისროლა სასტუმროსთან- ქალბატონი სავარაუდოდ მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის შანსი ხელიდან გაუშვა