“ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა” – ხოშტარიას თქმით, “ოცნებამ” ქიმიური იარაღის სკანდალის გადასაფარად პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება დაიწყო

“ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს”, – ამ შინაარსის წერილს აქვეყნებს რუსთავის ქალთა ციხიდან “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი წერს, ივანიშვილმა პროპაგანდისტული ხრიკის გამოყენება გადაწყვიტა და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.

“თაიმერი” ელენე ხოშტარიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს. თან ეს არის თემა, რომელიც სცდება მხოლოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და, ბუნებრივია, ყველას აშინებს. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მიმართოს პროპაგანისტულ ხრიკს და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.

პროდუქტების ფასები ყველას აწუხებს, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობას. თემა კარგადაა შერჩეული. პროპაგანდისტული ჩარჩოც მოირგეს: „ბოროტი ბიზნესმენებისგან“ გვიხსნის „მზურნველი“ მთავრობა. მერე რა, რომ ეს ფასები პირდაპირ და 100%-ით ხელისუფლების მოქმედებების შედეგია (არასწორი მაკროეკონომიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კორუფცია, ინვესტიციების შემცირება, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იზოლაცია, სასამართლოს არარსებობა და ასე შემდეგ). მეტი მომხიბლველობისთვის კი გვთავაზობენ სანახაობას – ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად.

ჩვენთვის ეს მარტივად განჭვრეტადია. ვეღარ მოგვატყუებენ. ამიტომ: არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში. დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს. იგივე და მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამლვის თემაზე. როგორც ჩვენმა კოალიციამ ისე სხვა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და აქტივისტებმა.

ბოლომდე!
24/12/2025
რუსთავის ქალთა ციხე“, — ნათქვამია პოლიტიკოსის წერილში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის