ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, რეკომენდაციებს აძლევს

კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ შინ შეიძლება მისი მართვა, მაგრამ რასაკვირველია, არსებობენ ის რისკჯგუფები, რომლებსაც შესაძლოა დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდეთ მიმდინარეობით, მაგრამ იყვნენ რისკჯგუფის მატარებლები, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები – ონკოპაციენტები, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებლები, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მქონე პირები, თუნდაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მინიმალური სიმპტომებით, ოჯახის ექიმთან უფრო მეტ და ახლო კომუნიკაციაში უნდა იყვნენ.

ასევე, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „მთავარი საშიშროების ნიშნები ამ ინფექციასთან მიმართებაში არის სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს“.

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. შინ მისაღები მედიკამენტებია – სიცხისთვის „პარაცეტამოლი“, სხვა ყველა პრეპარატი კი მეორე რიგისაა. თუ ტკივილი აწუხებს ინფიცირებულს, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე, სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის შინ, აუცილებელია, შეეცადოს ძილის დროს დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემისა და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დღეიდან ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ გაკეთდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა