ბიძინა კულუმბეგოვი: აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა

როდესაც ადამიანს უვითარდება ანაფილაქსია და კასკადური რეაქცია იწყება, პირველი, რაზეც არცერთი წუთი და არცერთი წამი არ უნდა დაიკარგოს, არის ადრენალინის ადმინისტრირება, – განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ სტუმრობისას.

მისივე განცხადებით, ამ დროს, ადრენალინი ამცირებს გამონაყარს, აფართოებს სასუნთქ სისტემას, წნევას ზემოთ წევს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ადამიანის საფრთხეს უქმნის საფრთხეს.

„რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დექსომეტაზონი არჩევის პრეპარატია. არა, არჩევის პრეპარატია ადრენალინი. ყველაფერი დანარჩენი მეორე რიგის პრეპარატია. ასეთ სიტუაციაში, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სუპრასტინი ან დიმედროლი არანაირად არაა რეკომენდებული, რადგან, შეიძლება, მათ წნევის დაქვეითება, პირიქით, უფრო გააღრმავონ. ეს ხშირი სამედიცინო შეცდომაა. ამ დროს აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა: ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები, გულთან მიმართებით, ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული და სამედიცინო ჯგუფმა, აუცილებლად სწრაფად, ვენური სისტემის კათეტერიზაცია უნდა დაიწყოს, რათა სითხის შევსება მოხდეს, რასაც გადასხმას ვუწოდებთ. ასევე, აუცილებელია, დარბაზში იყოს ჟანგბადის მიწოდების წყარო. თუ ეს ყველაფერი საათივით, სწორად დათქმულად წავა, მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს, მსოფლიოში, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ანაფილაქსიით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე განცხადებით, ადრენალინის დოზას განსაზღვრავს ადამიანის წონა და არა ასაკი.

ანაფილაქსიის მიზეზებში მოიაზრება: მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, საკვები და ლატექსი. ესაა ანაფილაქსიის 4 წამყვანი მიზეზი. ანაფილაქსია, ხშირად, არაპროგნოზირებადია, ანუ წინასწარ მისი გამოცნობა, ან რაიმე მარკერითა და ანალიზით განსაზღვრა არ არსებობს.

ძირითადად, ადამიანს კანის რეაქცია ეწყება, გრძნობს სიმხურვალეს, წვასა და ქავილს, იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ხშირად, ადამიანი არის აფორიაქებული. ანაფილაქსიის დროს, ამ ყველაფერს ემატება სუნთქვის გაძნელება ან პულსის გახშირება, წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30 პროცენტი და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილი. თუ ვლინდება კანის რეაქცია და ამათგან რომელიმე ერთი ნიშანი მაინც (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა) მიიჩნევა, რომ ეს არის ანაფილაქსია-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” გატოლება “ქართული ოცნებასთან” ღამისა და დღის გატოლებას შეადარა
შემდეგი სტატიაინგუშების დახმარება ქართველ მძღოლებს