დღეს ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის პროცესი გაიმართა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესის დასრულების შემდეგ, უძილაურის ოჯახის წევრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ბიძინა ივანიშვილს დააჯერეს, რომ [ჯაშუშობდა]. დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურს გიორგიმ უღალატა. ეს ისედაც ასე იქნებოდა”,_ განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა. მის კომენტარს “პუბლიკა” ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ „ქართუ“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს ბრალი გუშინ წარუდგინა.
უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უძილაური ბრალს არ აღიარებს.
„არ ეთანხმება ბრალს, არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე ტიპის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება, “ – განაცხადა უძილაურის ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ.

















