ბიძინა ივანიშვილს ცოტა ნერვები ღალატობს და ვეღარ ითმენს – ოპოზიცია თვლის, რომ ქიბარ ხალვაშს განცხადება “ოცნების” PR-ში დაუწერეს

„მთელი პროცესი წარმართულია იქით, რომ ხელში ჩაიგდოს “რუსთავი 2,” გადააქციოს თავისი მისაღების ტელევიზიად, როგორც დანარჩენი “მაესტროები,” “იმედები,” პირველი არხები“-ასე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიცია ქიბარ ხალვაშის განცხადებას. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეეცდება დასავლეთის სახელით მოახდინოს თავისუფალი სიტყვის ხელყოფა.

„ბიძინა ივანიშვილი ძალიან იოლად მონახავს რომელიმე ნაძირალას ევროპა, ამერიკაში რათა ჩააბაროს “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი და მისი ხელით, დასავლეთის სახელით მოახდინოს თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფორპოსტის იურიდიული და ფაქტობრივი ლიკვიდაცია,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი კი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა. დავით ზურაბიშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ახლა თვლის, რომ “რუსთავი 2″ მისია და მისთვის უფრო მძიმეა ამ არხიდან კრიტიკის მოსმენა.

„რუსთავი 2”-ის საქმე ყურადღების ცენტრშია იგივე საელჩოების, დამკვირვებლების დასავლეთიდან და შესაძლოა უხეში ჩარევა სარედაქციო საქმიანობაში გამხდარიყო ის საფუძველი, რის საფუძველზეც შემდგომში აპელაციის შემდგომ და გასაჩივრების შემდგომ შეცვლილიყო ეს განაჩენი. ამიტომ ის ცდილობს, რომ რაღაც ეტაპზე არ ჩაერიოს. თუმცა ეს ქიბარ ხალვაშის განცხადება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს ცოტა ნერვები ღალატობს და ვეღარ ითმენს. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ის თვლის, რომ ეს ტელევიზია მისია და მისი ტელევიზიიდან ესმის მისივე კრიტიკა. ეს ორჯერ უფრო მეტად არ მოსწონს ვიდრე ადრე არ მოსწონდა,“-განაცხდა დავით ზურაბიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი კი დარწმუნებულია, რომ ტექსტი რომელიც ქიბარ ხალვაშმა დღეს გამოაქვეყნა, ე.წ. შუშის სასახლეში ან “ქართული ოცნების” ოფისში დაიწერა.

„ეს წერილი, რაც ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა, შემიძლია გითხრათ რომ მისი დაწერილი არ არის, ეს არის “ქართული ოცნების” პირად სამსახურში დაწერილი წერილი, სტილითაც კი შეგვიძლია ამას მივხვდეთ. რაც შეეხება კაპრიზი, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანის კაპრიზების ასრულება ხდება ჯერ ჯერობით. მათ შორის ქიბარ ხალვაშისთვის და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ წამოიწყო, რომ მას უნდა რომ შეიცვალოს მისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა მას არ სურს ის აზრები ისმოდეს და ის პოლიტიკოსები გამოდიოდნენ “რუსთავი 2”-ზე, რომლებიც აქამდე გამოდიოდნენ და მის ხელისუფლებას კრიტიკულად აფასებდნენ,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის წილის 100%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ “სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას.” ამავე განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ უკვე ეძებს კადრს, სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს.

banner
წინა სტატიაში,,მსურს, კრიტიკული მედია ვიხილო, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების”
შემდეგი სტატიაჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე – სააკაშვილი უკრაინაში არჩევნების შედეგს ეხმაურება