“ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას “არასოდეს”- ძიძიგური ივანიშვილის დაბრუნებაზე

თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ პრემიერ-მინისტრობა დატოვა და შემდეგ საერთოდ დაანება თავი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და ძალიან ნასიამოვნები ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ბატონმა ბიძინამ მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

“ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად წაადგება ქვეყანას ასეთი გამჭრიახი და გონიერი კაცის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. რაც შეეხება “მეორედ მოსვლას”, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლის დროს არ აპირებდა უკან დაბრუნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უდაო ჭეშმარიტებას, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას “არასოდეს”, იმიტომ, რომ პოლიტიკაში “არასოდეს” თქმა ეს არის პირობითი ნათქვამი და არა ფუნდამეტური”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის შიგნით არსებული განხეთქილების გამო დაბრუნდა პოლიტიკაში, ზვიად ძიძიგური ამ მოსაზრებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ იყო რაღაც ტიპის პინგ-პონგი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამას არ უკავშირდება.

“განხეთქილებები მინახავს უმრავლესობაში, რომელსაც ქვეყანაში მოჰყოლია უდიდესი ტრაგედიებიც კი. არავითარი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის. იყო რაღაცა ტიპის პინგ-პონგი, რომელიც არის ყველგან, ამიტომ ამ საკითხს საერთოდ არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. უკავშირდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ ამბავს. ჩვენი მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის უმუშევრობის პრობლემა და ეკონომიკის სწრაფი ზრდის თემა. სწორედ ამის დასაძლევად და ამ საკითხზე რომ იყოს უფრო მეტად დაორგანიზებული ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ამიტომაა სახეზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცა გააკრიტიკა უმრავლესობის შიგნით”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას ულოცავს
შემდეგი სტატიათურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო