„ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის დასჯა გადაწყვიტა“

გოგიტა დალაქიშვილი: „პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ანტიკვარული ავეჯის შეძენა იმ ფულით ხდება, რომელიც სკანდალური შეწყალებისას იქნა აკუმულირებული“.

საქართველოს მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილი სკანდალებით აშკარად ანებივრებს. „შეწყალების სკანდალს“, ამ დღეებში, პრეზიდენტის რეზიდენციის ფრანგული ანტიკვარული ავეჯით მოწყობასთან დაკავშირებული სკანდალი დაემატა.
სამოქალაქო აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს ორი სკანდალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. „თაიმერთან“ საუბარში დალაქიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია უკვე აქტიურად ავრცელებს ხმებს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
რა კავშირი არსებობს ამ ორ სკანდალს შორის? რატომ ცდილობს „ოცნება“, რომ პრეზიდენტისგან თავი შორს დაიჭიროს? გადაწყვიტა თუ არა ივანიშვილმა ზურაბიშვილის დასჯა და მივა თუ არა საქმე იმპიჩმენტამდე? ამ შესახებ გოგიტა დალაქიშვილი „თაიმერს“ ესაუბრება:
– გოგიტა, თქვენ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეთ პრეზიდენტთან დაკავშირებით. აცხადებთ, რომ რეზიდენციის ანტიკვარული ავეჯით მოწყობა შესაძლოა შეწყალებაში აღებული ფულის გათეთრება იყოს. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
– მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ არის. ჩემს ეჭვებს აძლიერებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ინტერვიუ. ანზორ ჩუბინიძე მორჩილად „ჩამოუდგა“ მთავარ არხს და დარცხვენილმა მოუყვა, თუ როგორ ყიდულობენ პრეზიდენტის დავალებით ანტიკვარულ ავეჯს. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლის ფრანგული ანტიკვარული ავეჯით მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტს 1.5 მილიონი ლარი დაუჯდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზუსტად ის თანხაა, რომელიც შესაძლო კორუფციული გარიგებიდან იქნა აკუმულირებული, ვგულისხმობ „სკანდალური შეწყალებიდან“ შესაძლო უკანონო შემოსავალს. საქმე ისაა, რომ სავარაუდოდ ზუსტად ამ თანხის გათეთრება მოხდა ანტიკვარიატის შეძენით.
-გოგიტა, ამ სკანდალურ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი ეჭვების საფუძველზე ავრცელებთ თუ კიდევ რაღაც იცით?
-ამ შემთხვევაში იმ ინფორმაციას ვითვალისწინებ, რომელიც ხელისუფლებიდან ჟონავს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლების კულუარებიდან შეგნებულად გამოდის გარეთ.
-შეგიძლიათ გვითხრათ თუ რა ინფორმაცია ჟონავს?
-გეტყვით. ხელისუფლების კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც „სკანდალური შეწყალებით“ დიდი დარტყმა მიაყენა „ქართულ ოცნებას“. სალომე ზურაბიშვილის „სკანდალური შეწყალებით“ ხელისუფლების სხვა პირებიც აღშფოთებულნი არიან. თავიანთი უარყოფითი პოზიცია მათ არაერთხელ დააფიქსირეს მედიისთვის მიცემულ კომენტარებში. ყველაზე მეტად ივანიშვილია გაბრაზებული, რომელმაც ზურაბიშვილის დასჯა ორიგინალურად გადაწყვიტა. ხელისუფლების კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის თუ რა თანხა იქნა აღებული „სკანდალურ შეწყალებაში“. „ოცნების“ ლიდერმა მოითხოვა, რომ ამ ფულით პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ავეჯი შეეძინათ. ეს ავეჯი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა, კორუფციულ გარიგებაში შესულები კი, მშრალზე დარჩებიან.
-მმართველი პარტია აღიარებს, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე?
-ოფიციალურად არ აღიარებენ, მაგრამ ამ ხმებს აქტიურად ავრცელებენ, თან ისე ავრცელებენ, რომ ეს ყველამ გაიგოს.
-მაშინ ადგნენ და პირდაპირ თქვან…
-ასე არ გამოვა. ამ სკანდალმა ისედაც დააზიანა „ოცნების“ იმიჯი. ამ გუნდმა ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის ყველაფერი გააკეთა. მან კი გუნდი სერიოზულ შარში გახვია. „ქართულ ოცნებაში“ არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი რაღაც ვალში იყოს კრიმინალურ სამყაროსთან და ამიტომ შეიწყალა ვიღაცები, მაგრამ უფრო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებენ ყურადღებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. სწორედ ასეთი ხმების გავრცელება ამის წინაპირობა უნდა იყოს. ანტიკვარული ავეჯის შეძენის თემამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაზარდა. მისი რეიტინგი ძალიან დაბლა დაეცა. ეს არის ივანიშვილის შურისძიება. მას ახასიათებს ასეთი რაღაცები. მან სხვებსაც მოატანინა ის ფული, რაც ბიუჯეტიდან წაიღეს. ფული ძალიან გავლენიან ფიგურებს დააბრუნებინა. სალომეს ბიუჯეტიდან არ ჰქონია ფული წაღებული, მაგრამ ის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაშია შესული და ახლა ამ ფულს ათეთრებინებენ მას. ჩემთვის ერთი რამე უკვე ნათელია – „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტს გაემიჯნოს. ეს ინფორმაცია მარტო ჩემამდე არ მოდის. ვალერი გელბახიანმა ამის თაობაზე „კავკასიის“ ეთერში ისაუბრა. მალე ამაზე ბევრი ალაპარაკდება. აქ მარტო პრეზიდენტის ახირების შესრულებასთან რომ გვქონდეს საქმე, ანზორ ჩუბინიძე მთავარ არხს განმარტებებს არ მისცემდა.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა თადუმაძე
შემდეგი სტატიაჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს