ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა, კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს – რეზოლუცია სამართლიანობას მოკლებულია – თალაკვაძე

სწორედ ივანიშვილის ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა, კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს – სანქციებს არ უწესებენ ადამიანებს, რომლებიც აძლიერებენ დემოკრატიას, მას, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას , – ასე ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, რეზოლუცია სამართლიანობას მოკლებულია, მასში ბევრი უზუსტობა და დამახინჯებული ფაქტებია.

“სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის შინაარსი დაცილებულია რეალობას და სამართლიანობას. სინამდვილეში ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა.

რაც შეეხება სანქციებს და ბატონ ივანიშვილს, სწორედ მისი ძალისხმევით, მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ მიიღო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. სწორედ მისი ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. ამ ფონზე სამართლიანობას მოკლებული და დაშორებულია ეს რეზოლუცია, რომელსაც სხვათაშორის, 200- ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი და ადამიანები, ვინც ამ რეზოლუციას მხარს უჭერდნენ და გამოდიოდნენ განცხადებებით, კარგად ვიცით, “ნაცმოძრაობასთან” არიან კავშირში. სანქციებს არ უწესებენ ადამიანებს, რომლებიც აძლიერებენ დემოკრატიას, მას ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ვინც, პოლიტიკა გახადა უფრო მეტად მონაწილეობითი და რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის ლიდერობით ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამ ფონზე ეს რეზოლუცია მიღებულია ჩვენი მხრიდან როგორც პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური ნაბიჯი და ვთვლით, რომ ის სამართლიანობას გახლავთ მოკლებული. ეს რეზოლუცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ სანქციების საკითხი რეალურად განიხილება და მისი დაწესება მოხდება, თუმცა, ჩვენ ამას სათანადო შეფასებებს მივცემთ და საზოგადოებას ავუხსნით, რასთან გვაქვს რეალურად საქმე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საბერძნეთს, შეწყვიტოს ეგეოსის არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულების მილიტარიზაცია და იმოქმედოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად – ერდოღანი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე პრესრელიზს აქვეყნებს