ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას არჩევნების თემას შეეხო. ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნოდ რეგიონებში ჩასვლას, მოსახლეობასთან და ასევე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
„2012 წელს არ გახლდათ არჩევნები, იმას კიდევ სხვა დატვირთვა ქონდა. ახლა იქნება ჭეშმარიტად იმაზე კარგი და არა ნაკლები იმ ორი არჩევნებისა, რომელიც ახალი გუნდის მეშვეობით ჩატარდა, ასეთივე დემოკრატიულობით ჩატარდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილიც დიდია, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ პირადული დაინტერესება არც ბიზნესის, არც პოლიტიკის და ასევე თანამდებობრივი არ აქვს.
„მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან და ამას ხაზს ვუსვამ ერთი მიზეზით, რომ მეტი სანდოობა ქონდეს ჩემს ანალიზს, რადგან პოლიტიკაში თუ საზოგადოებაში მყოფი აქტიური ნაწილი, თუნდაც ჟურნალისტი და ბიზნესი, ძალიან ხშირად პირადი ინტერესებით იზღუდება და ვერ ახერხებს ობიექტურ ანალიზს,“ -განაცხადა ივანიშვილმა.