ბიძინა ივანიშვილი: თავისუფალი არჩევნებით, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს.

რაჭაში, ივანიშვილმა რეგიონალურ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გადატრიალების მცდელობა, ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებიდან ჰქონდა, თუმცა ამისათვის საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ.

ივანიშვილის თქმით, ამ გეგმისთვის მათ ახლა ბოლო შემოდგომა დარჩათ.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევნებით “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ მათი მთავარი დასაყრდენი ძალადობა რჩება.

“2012 წლის შემდგომ უნდოდათ გადატრიალების მოხდენა. ამისთვის მზაობები ჩემი პრემიერობის დროსაც იყო. კანონმდებლობა შევცვალეთ, პრეზიდენტს რომ ჰქონდა გადაჭარბებული უფლებები, მაშინაც კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ მაგათ გუნდს. როგორ მოვაცემინეთ ხმა, ამ კანონმდებლობას ნაციონალების მხარდაჭერის გარეშე ვერ ვცვლიდით, კარგად ვათამაშეთ და ბოლო წუთს თვითონ იყვნენ გაოგნებული, როგორ დაგვიჭირეს მხარი. ასეთი დამოკიდებულება იყო ამ 4 წლის განმავლობაში. გაზაფხულზე გადატრიალებას რომ ვერ მოახერხებდნენ, აი, შემოდგომამდე მოითმინეთო, ამით ამაგრებდნენ გუნდს. შემოდგომაზე დავიბრუნებთ ხელისუფლებასო, შემოდგომაზე არ ჰქონდათ რესურსი, ეუბნებოდნენ ისევ გაზაფხულს. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა. იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არანაირი რესურსი არ აქვთ, ხელისუფლება აიღონ. 26 კაციღა ჰყავთ პარლამენტში და მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ . ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და გვმოძღვრავს”,-განაცხადა ივანიშვილმა “2030news”-ის ინფორმაციით და აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის არჩევნებზეც ჰქონდა დესტაბილიზაციის სურვილი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

“მუდამ ვამბობდი, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდათ. თავის დროზე ამაზე დამატებით განცხადებას გავაკეთებ. საოცრება იყო, ესენი რომ ვაიძულეთ, უსისხლოდ წასულიყვნენ. მერე დემოკრატიას იბრალებდნენ, ნახეთ, როგორ გადავაბარეთო, რისი გადამბარებელი იყო, გასაქანი არ ჰქონდა სხვა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: 2010 წელს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2016-ში თორმეტი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებას 5 მილიონის შეთავაზების შესახებ სასაცილოს უწოდებს