ბიძინა ივანიშვილი: რომან გოცირიძე ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ბიზნესთან საუბარს

ძალიან ბევრი, პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი, რომელიც ცდილობს, აკრიტიკოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ ფორუმებს თავს არიდებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ფორუმზე პერსონალურად დაპატიჟეს რომან გოცირიძე და სხვები, თუმცა ისინი ფორუმზე არ მივიდნენ.

„ამაში ცუდი არაფერი არ არის, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. არ ვიცი, რამდენმა პარტიამ მოაწერა ხელი კვირიკაშვილის ინიციატივას, კონტრაქციები არ გაიმართოს, დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ აი, ეს ხერხი იხმარა, პირიქით ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ერთი ორჯერ შემოძვრა აქ და რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთში გაიპარა, ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ბიზნესთან საუბარს. ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური განათლება, სიბნელეში ამყოფოს, სიცრუეებზეა დაფუძნებული პრაქტიკულულად მისი ყველა გამოსვლა. დღევანდელი მისი ტრიუკიც, თუ ეს ესეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა მხოლოდ და კიდევ ერთჯერ უსვავს ხაზს იმას, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს, ადამიანებს, რომლებსაც მართლაც უჭირს დღეს, დააჯერონ, რომ ეს მთავრობის ბრალია“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ბევრი გაჭირვებულია საქართველოში, მაგრამ ამაში დანაშაული არ არის ხელისუფლების.

„ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ასწლეულისაც თუ გნებავთ, ამას უნდა კარგი ანალიზი. სწორედ ამისთვის არის ეს ფორუმი, უკვე თითქმის ერთი წელიწადია და რამდენჯერმე მოხერხდა შეკრება. ვერ მოდიან აქ, რამეთუ სათქმელი არ აქვთ. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, სტრატეგია არის სწორი. პატარა გადაცდომები შეიძლება ყველას მოუვიდეს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეკონომიკური ფორუმის მიზანია, ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ხართ თქვენ აქტიურები? თუ იმის შემყურე ხართ, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს