“არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროთ მხარი – რეგიონში და მთლიანად – მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა.
ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის არის აუცილებელი, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი – ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, რომელმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, ძალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს – ან „ქართული ოცნება“, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.