ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა

ჩემი შეხვედრები რეგიონებში ემსახურება „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს გუნდი სრულყოფილად იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა პარტიას ვერ ხედავს, რომელსაც მსგავსი შესაძლებლობები გააჩნია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ოთხი ან რვა წლის შემდეგ გამოჩნდეს პარტია, რომელიც უფრო სწორ ორიენტაციას აირჩევს, უფრო სწორი იდეოლოგია ექნება, თუმცა ამ ეტაპზე „ქართული ოცნებაა“ ლიდერი.

„დღეს არის ეს პარტია, მისი ხელმძღვანელით, მისი ლიდერით, კვირიკაშვილით, უნიკალური ადამიანით და გუნდში უამრავი პატივსაცემი წევრებით. არ არის მარტო კვირიკაშვილი, გავიხსენოთ არსებული გუნდის წევრები, ვინც ღირსეულად დაიცვა ის, რაც დავტოვეთ ჩვენ პოლიტიკაში, ის,თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალი, როგორი უნდა იყოს მინისტრი, გუნდის ძირითადმა წევრებმა ეს დაიცვეს, ეს შეინარჩუნეს და ეს უნდა დავუფასოთ. ასევე უამრავი ახალი წევრია. გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად ჩემი აზრით, გაუმჯობესდა. რამდენი ახალი წევრი შევიდა პარლამენტში, რომელსაც საზღვარგარეთ უსწავლია. ეს პრობლემა გვქონდა, ევროპაში ხშირად დეპუტატები ვერ გადიოდნენ, რადგან ინგლისური არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი საინტერესო პიროვნება დაემატა. ის ძირითადი ღერძი და ძარღვი შევინარჩუნეთ”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ყველაზე არაპოპულარული მინისტრი ნოდარ ხადურია. ივანიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ძალიან კარგი მინისტრი ჰყავს.

„მინისტრებიდან ყველაზე არაპოპულარული, რაც ვიცი არის ნოდარ ხადური. ხადური არის ძალიან კარგი ფინანსთა მინისტრი. თუ ნახავთ მის მოღვაწეობას, საჭმელს უთვლიდნენ, ბოლო-ბოლო იქ ჩავიდნენ, ამ დონემდე ჩავიდნენ, მაგრამ, ის რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია აღარ არის და ფინანსთა სამინისტროში რა ხდებოდა ნაცების დროს რომ ნახოთ, დღეს ხადურის დროს ეს დასაფასებელია, თუმცა ყველაზე არაპოპულარულია როგორც მე ვიცი, რეიტინგებით. სხვა მინისტრები ჩამოთვალეთ აბა, რამდენი წარმატებული მინისტრი გვყავს. უნდა ვისურვოთ უკეთესი მენეჯმენტი, უფრო ეფექტური რომ იყოს ხელისუფლება. ევროპის ქვეყნებიდან 18-ს უსწრებს საქართველოს მთავრობა ეფექტურობით. ამ დროს გამოდიან და უუნაროს ეძახიან. თვითონ იყვნენ უნარიანები? უნარიანები და ძლიერები იმით იყვნენ, რაც ვერ ჩამოვთვალე, რომ პატიმრებით ვიყავით პირველ ადგილზე, ციხეში სიკვდილიანობით ვიყავით პირველ ადგილზე, ბავშვების სიკვდილიანობით ვიყავით პირველ ადგილზე, ტუბერკულიოზით”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ბურჭულაძე მშიშარა არსებაა… ეს უკვე დიაგნოზია
შემდეგი სტატია(+ვიდეო) პაატა ბურჭულაძე: მე თბილისში ვარ გაზრდილი და პასუხის მოთხოვნა ცოტა სხვანაირად ვიცი