ბიძინა ივანიშვილი მზად არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მეჩეთის აშენების შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„მე მთავრობიდან წავედი ძალიან მალე, თუმცა ამ იმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. სერიოზულად უკვე პროექტი გამზადებული გვქონდა და საუბარი იყო არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. რაც შეეხება მილიონებს, იქ 10 მილიონზე იყო მაშინ საუბარი, ოციც რომ დაჯდეს და ოცდაათიც, მე მზად ვარ დავაფინანსო. ვიცი, რომ ადგილობრივი მუსლიმების ხელმძღვანელობას გაუჩნდათ სხვა მოთხოვნა. იქ რაღაც ოფისზე იყო საუბარი, ადგილობრივი ხელისუფლება, არჩილ ხაბაძეც დაეხმარა მათ. მერე ეს თემა ცოტა მიიჩქმალა და მინელდა, ამის შემდგომ ისევ გაიღვიძა ამ თემამ. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. მაღალმთიან აჭარას გავიხსენებ, საოცრად დაბალანსებული ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ჭეშმარიტი ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის სისხლშია.

”ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელის დროს, ის თავად შედიოდა მეჩეთში. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს კითხვა არ გაამძაფროთ, ეს საკითხი არ დგას მძაფრად. ტოლერანტობა ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლიათ ჩვენგან ისწავლონ და ევროპას შეგვიძლია ჩვენ ის მივუტანოთ, როგორც ბრილიანტი, რომ მაღალმთიან აჭარაში არის სკოლა, სადაც ნახევარი უჭირავთ მართლმადიდებლებს, ნახევარი უჭირავთ მუსლიმებს. თბილისშიც აღმოჩნდა ლოტკინზე ასეთი სკოლა. მსგავსს მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერსად. მე როდესაც ვხვდები უცხოელებს, პირველი ამას ვეუბნები, ამით ვართ ჩვენ მდიდარი. ხედავთ, ევროპაში რაც ხდება ამ მიმართულებით და საერთოდ მსოფლიოში ძალიან დიდი დაძაბულობაა. ასეთი დაბალანსებული ურთიერთობა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ვერ ნახავთ ვერსად. ამას ისე ნუ წარმოვაჩენთ ისე ნუ გადავაქცევთ, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს ვჩაგრავთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავსა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიათბილისის მერია “ენმ”-ს ბრალდებასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს