ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის ფერდის გამწვანებას გეგმავს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისში, მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით , პროექტი განხორციელდება. როგორც ივანიშვილი ამბობს, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი სპეციალისტმა, თემურ ტყემალაძემ დაამუშავა და შესთავაზა.

“გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების − მთაწმინდიდან კუს ტბამდე − გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

“ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა,” – განმარტა ივანიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მასშტაბის პროექტზეა საუბარი, ივანიშვილი აცხადებს, რომ საუბარია სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 ჰექტარზე, რომლის პროექტის სავარაუდო ღირებულება კი, 12-15 მილიონი ლარი იქნება.

banner
წინა სტატიაშილუიზა ვინტონი-საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში ნამდვილად შეინიშნება პროგრესი
შემდეგი სტატიამერსედეს ვერა-მარტინი-საქართველოსთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი გახდება